ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა

7 აგვისტო, 2023 • 1898
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა

დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

ცხინვალის ვერსიით, რომელიც იმეორებს მოსკოვის პოზიციას, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. რუსეთმა კი, რომელიც “ოსი ხალხის დასაცავად დადგა”, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 7-8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება.

2023 წლის აპრილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 130 მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. კომპენსაცია ნაწილდება სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ძარცვის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის და სხვა მსხვერპლთა მიმართ.

რაც შეეხება კითხვას, “ვინ დაიწყო ომი?” – სტრასბურგის სასამართლოს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია და არც იყო ამ დავის საგანი. ფაქტების აღწერაში კი წერია, რომ „2008 წლის ომი მოჰყვა ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბულობის ხანგრძლივ პერიოდს, პროვოკაციებსა და ინციდენტებს“.

აღწერით ნაწილში ასევე ნათქვამია: „ღამით, 7-დან 8 აგვისტოსკენ გარდამავალ პერიოდში, ქართულმა ძალებმა საარტილერიო შეტევა დაიწყეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ცხინვალზე. 2008 წლის 8 აგვისტოდან რუსეთის სახმელეთო ძალები შეიჭრნენ საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით და შევიდნენ მეზობელ რეგიონებში“, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სადავო ტერიტორიები არ ყოფილა და საქართველოს კონტროლი ვრცელდებოდა.

2008 წლის აგვისტოს ომის საქმე არის მეორე სახელმწიფოთაშორისი დავა საქართველოსა და რუსეთს შორის სტრასბურგის სასამართლოში. პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე ასევე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა, თუმცა კომპენსაცია და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის ამ დრომდე არ გადაუხდია.

2022 წელს კი, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიმართა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინების გამოცემის შუამდგომლობით. ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ. ამასთან, ცხინვალი კატეგორიულ უარს აცხადებს ჰააგის სასამართლოსთან რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე და მას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი