კომენტარი

ომის აცილება შესაძლებელი იყო – ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე 

8 აგვისტო, 2023 • 1730
ომის აცილება შესაძლებელი იყო – ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე 

“მე მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს,  ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 აგვისტოს. 

“ვიცი რა ეს ინფორმაცია,  რაც ხდებოდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა”, – დასძინა მან. 

მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ აგვისტოს ომი აეცილებინა. 

„მე მინდა შემდეგი რაღაც გიპასუხოთ. ის, რომ პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ქვეყანას მოევლინოს, ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით და რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ. ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე თავს ვიკავებ ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან, ისევ და ისევ ერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

ბუნებრივია, რომ ეს უბედურება, ეს ტრაგედია, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ? 20% არის დღეს ოკუპირებული. რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, მეგობრებო. ბოლო კონტიგენტი რუსული ჯარის გავიდა 2007 წელს. ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და აღარ მინდა საუბარი გავაგრძელო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 


15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 წუთზე გასცა სამხედრო ოპერაციის ბრძანება. რიგი წყაროები მიუთითებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის რეგულარული არმია, თუმცა მოსკოვის პოზიციაა, რომ ისინი საპასუხოდ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი