ახალი ამბები

ეს იყო მშვიდობის იძულების ოპერაცია — ზახაროვა 2008 წლის ომზე

8 აგვისტო, 2023 • 1517
ეს იყო მშვიდობის იძულების ოპერაცია — ზახაროვა 2008 წლის ომზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა  განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით.

განცხადებაში საუბარია, რომ სააკაშვილის თავდასხმა ცხინვალის რეგიონზე არაპროვოცირებული იყო, რუსეთი კი „იძულებული გახდა მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა“. მოსკოვი „მშვიდობის იძულების ოპერაციად“ მოიხსენიებს 2008 წლის სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ ისევე, როგორც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომს.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, მოღალატურად დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს, პარალელურად კი განხორციელდა თავდასხმა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ქართული აგრესიის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამომძიებელ საერთაშორისო კომისიის ანგარიშში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰაიდი ტალიავინი. იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. რუსეთი იძულებული გახდა, ჩაეტარებინა აგრესორის მიმართ მშვიდობის იძულების ოპერაცია“, — ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.

ომის დაწყების რუსული ვერსიის გარდა, განცხადებაში საუბარია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, რომელიც, ზახაროვას თანახმად, გამოცდის წინაშე დადგა დასავლეთის მხრიდან.

„რუსოფობიის ტალღაზე ჩვენი დასავლელი ოპონენტები გამოგონილი მიზეზით  ჟენევის დისკუსიების რამდენიმე შეხვედრის გაუქმებას მოითხოვდნენ. მხოლოდ შეწყვეტილი დიალოგის გამო რეგიონული უსაფრთხოებისთვის მზარდი რისკების გაცნობიერებამ აიძულა ისინი, უწინდებურ ფორმატში დაბრუნებულიყვნენ“, — აცხადებს ზახაროვა.

რუსული მხარე კვლავ ლობირებს, საქართველომ გააფორმოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან, ასევე მოახდინოს მათთან საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია.

„რუსეთი ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ რეგიონში მდგრადი უსაფრთხოების შექმნის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდება იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ასევე მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია მათი შემდგომი დემარკირებით. აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე პრაქტიკული მუშაობის დაწყებას, ხოლო ქართული მხარისგან უფრო კონსტრუქციულ მიდგომას ველით. უსაფრთხოების სფეროში სტაბილური შეთანხმებების მიღწევა რეგიონის სამივე ქვეყნის ინტერესებშია“, — ნათქვამია განცხადებაში.

15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

აგვისტოს ომის საქმის გამოძიებამ როგორც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ოსური მხარის და რუსეთის, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობა გამოავლინა და არცერთ შემთხვევაში — საქართველოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი