ახალი ამბები

პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყებისთანავე ჩაიდინა ღალატი — ღარიბაშვილი

8 აგვისტო, 2023 • 2364
პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყებისთანავე ჩაიდინა ღალატი — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ ომის დროს ღალატი ჩაიდინა, თუმცა ვერ პასუხობს კითხვას, მაშინ რატომ არ აქვს ბრალი წარდგენილი ასეთი დანაშაულისთვის.

„პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან ჩაიდინა საშინელი ღალატი, საშინელი დეზორგანიზება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა მუხათგვერდში, სადაც ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებოდა. მას ჰკითხეს, მაშინ რატომ არ წარუდგენენ სააკაშვილს ამ ბრალდებას?

„ძალიან კარგი კითხვაა. თქვენ თუ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, უნდა გადარდებდეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. ამაზე მთავარი საკითხი ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება. ახლა რაც შეეხება მთავარ საკითხს, პატარა ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა მთელი პროვოკაციები, რომელიც ომამდე ხდებოდა. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება. კარგად მოგეხსენებათ უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა. ახლაც აცხადებენ, რომ ისინი კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს“, — თქვა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტებმა რამდენჯერმე გაუმეორეს პრემიერ-მინისტრს კითხვა, თუ სააკაშვილმა ჩაიდინა ღალატი, რატომ არ აქვს წარდგენილი ბრალი, რაზეც ღარიბაშვილმა არ უპასუხა.

„შედეგით თუ ვიმსჯელებთ, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ესაა საქმე. 2008 წლის ომამდე რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩვენს ტერიტორიაზე არ იდგენენ. რუსულმა ჯარმა ოფიციალურად დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 2007 წელს. შედეგი რაც მივიღეთ, ეს არის ძირძველი ტერიტორიის ოკუპაცია, რუსული ჯარი დამაგრდა, ბაზები ააშენეს“, — თქვა ღარიბაშვილმა.

15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ომის აცილება შესაძლებელი იყო – ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე 

მასალების გადაბეჭდვის წესი