ახალი ამბები

პოლიტიკური გამოხმაურებები აგვისტოს ომის 15 წლისთავზე

7 აგვისტო, 2023 • 1201
პოლიტიკური გამოხმაურებები აგვისტოს ომის 15 წლისთავზე

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 15 წლისთავი ოპოზიციის ნაწილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და შინდისში მისვლით აღნიშნა. საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა სახალხო დამცველი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვისტოს ომის წლისთავს, როგორც წესი — არა 7, არამედ 8 აგვისტოს აღნიშნავს, თუმცა გამონაკლისია საგარეო საქმეთა სამინისტრო და შერიგებისა საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

„2023 წლის 7 აგვისტოს სრულდება 15 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიდან. 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევის პირველი შემთხვევა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს კონსოლიდირებული ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით. რუსეთის ფედერაციას კი მოუწოდებს, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.

„15 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და ძალის გამოყენებით დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია… საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, — ნათქვამია განცხადებაში.

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც შოვის ტრაგედიის შესახებ ისაუბრა. 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ამასთან, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით დაიცვეს საქართველოს სუვერენიტეტი. მან გაიხსენა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პროექტის პუნქტი, რომლის ხელმოწერაზეც უარი თქვა და რომლის თანახმადაც „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განსაზღვრულიყო“.

„ეს პრაქტიკულად ნიშნავდა, საკუთარი ხელმოწერით უარი გვეთქვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაზეც მყარი უარი ვთქვი. სარკოზი ჩემს დარწმუნებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. მუდმივად იმეორებდა, ”ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო“. ამ საუბარს ჩვენი მხრიდან ესწრებოდა დავით ბაქრაძე და ჩემი ამერიკელი თანაშემწე დენიელ კუნინი. ლეხ კაჩინსკიმ როცა გაიგო, ასეთ შეთანხმებას გვახვევდნენ თავს, სცადა შეხვედრას შემოერთებოდა, მაგრამ ფრანგულმა მხარემ უარი თქვა. ბოლოს ნიკოლა სარკოზიმ ხელახლა დაურეკა მედვედევს და რუსული მხარე დათანხმდა, ხელი აეღო ამ პუნქტზე და საბოლოო ჯამში, უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვაზე“, — ნათქვამია Facebook-ში მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს.

„პუტინის რუსეთმა რაც ვერ შეძლო ტანკებით, ომით, იარაღით, ჩვენდა სამწუხაროდ, 15 წლისთავზე მიღწეული აქვს ბიძინა ივანიშვილის და რუსული ხელისუფლების ხელით. ეს არის ძალიან მძიმე“, — განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმაც. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის აქტიური ფაზა დაიწყო, თუმცა ეს აგრესია მანამდეც მიმდინარეოდა და არც შემდეგ შეწყვეტილა.

შინდისში, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ „ლელოს“ წევრები.

აგვისტოს ომიდან 15 წლისთავზე, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„15 წლის წინ რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და 27 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე დევნილად აქცია. 15 წლის შემდეგ, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს დღესაც უწევთ ოკუპაციასთან გამკლავება, მათი ეზოები და ბაღები გაყოფილია მცოცავი ანექსიის გამო, დღესაც ხდება ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ გატაცება და დაპატიმრება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, — აცხადებს ომბუდსმენი.

დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 წუთზე გასცა სამხედრო ოპერაციის ბრძანება. რიგი წყაროები მიუთითებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის რეგულარული არმია, თუმცა მოსკოვის პოზიციაა, რომ ისინი საპასუხოდ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ.

ამავე თემაზე:

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი