ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხების ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება” – კრიზისი ყარაბაღში

30 ივლისი, 2023 • 1836
“სომხების ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება” – კრიზისი ყარაბაღში

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, მკვლევარი, ერევანი


ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ლიკვიდაცია რეგიონის კულტურული ლანდაშფტის წაშლას და სომეხი ერის საცხოვრებელი არეალის შევიწროებას ნიშნავს, რაც სომხეთში ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებად აღიქმება. მით უმეტეს, 2020 წლის ომის შემდეგ ყარაბაღი ისედაც დატოვა 30 ათასმა სომეხმა.

ახლა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის იმედიღა რჩება, რომელზეც დამოკიდებული იქნება მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ლეგიტიმურობა  და რომელიც ვერ აშენდება ხოცვა -ჟლეტასა და ეთნიკურ წმენდაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთი საფუძველი ჩაიყრება ახალ ომებს  უკვე მომავალი თაობისთვის. 

ლაჩინის კორიდორის განბლოკვისა და ყარაბაღის მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მოთხოვნით, ასევე რეგიონის მომარაგების აღდგენაზე, 26 ივლისს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ევროპული კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განცხადება გაავრცელა.

7 თვის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის 120 ათასი ადამიანის კრიტიკული მდგომარეობის გამო 28 ივლისს განცხადება გაავრცელეს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებმაც.

ყარაბაღში არსებული სიტუაცია, ერთი მხრივ, საყოველთაო ყურადრების ქვეშ მოექცა: ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებაში სრულფასოვნად ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც სტეპანაკერტში [მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი] აქვს ოფისი. პოლიტიკური განცხადებები, მოწოდებით, გახსნან სასიცოცხლო გზა, ამ დრომდე არაერთმა ქვეყანამ გაავრცელა – მათ შორის საფრანგეთი, აშშ და რუსეთია. 2023 წლის თებერვალში კი გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ბაქოს ავალდებულებს, ლაჩინის კორიდორით მოძრაობა აღადგინოს. 

მეორე მხრივ, უფრო ცხადი ხდება, რომ ყველა ეს ზომა თუ სასამართლო გადაწყვეტილება არასაკმარისია. 

29 ივლისს წითელი ჯვრის მანქანას ყარაბაღის მცხოვრები ვაგიფ ხაჩატრიანი გადაჰყავდა, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მკურნალობა სომხეთში. თუმცა აზერბაიჯანელებმა, რომელთაც 23 აპრილს ლაჩინის კოროდორის შესასვლელში იმპროვიზირებული გამშვები პუნქტი ჩადგეს, პაციენტი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ დააკავეს და ბაქოში წაიყვანეს, სადაც 1992-94 წლებში ყარაბაღის პირველ ომში მონაწილეობა დააბრალეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1992-94, 2016 და 2020 წლების ბრძოლებში მთიან ყარაბაღში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა კაცი მონაწილეობდა, ასევე, სომეხი ქალებისა და ბავშვების მიმართ აზერბაიჯანულ მედიებსა და სოციალურ ქსელებში სიძულვილის კამპანია მიმდინარეობდა, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სომხეთში ამას განიხილავენ ეთნიკური წმენდის პოლიტიკად ან გენოციდისთვის მზადებად. 

ამჟამინდელი მდგომარეობა 2020 წლის ომის შედეგია, როდესაც საყოველთაო დახმარებისა და თურქეთის პირდაპირი მონაწილეობით, ასევე სომხეთის ხელისუფლების მიერ დაშვებული უხეში შეცდომების შედეგად, აზერბაიჯანმა 44- დღიან ომში სამხედრო გამარჯვებას მიაღწია, რომელიც  მარტივად შეძლო 2020 წლის 27 სექტემბერს, პანდემიის, სტრატეგიული ვაკუუმისა და მსოფლო დიდი ქვეყნების პასიურობის ფონზე. 

აზერბაიჯანმა და რუსეთმა სომხეთთან მოლაპარაკებები სრულიად სხვა ფორმატში შეიყვანეს: ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობის გარეშე, მხოლოდ რუსეთის მედიაციითა და უარით მთელ იმ ნორმატიულ ბაზაზე, რომელიც მოლაპარაკებათა პროცესში დაგროვდა. ყველაფერი მხოლოდ სამმხრივი განცხადების გარანტიით დასრულდა.  

უკვე მოგვიანებით კი გამოჩნდა, რომ საომარი მოქმედებების ცხელი ფაზის დასრულებითაც არ დადგა მშვიდობა, სამხედრო გამწვავებები კი, მათ შორის უკვე სომხეთის საზღვრების მიმართულებით, ჩვეულებრივი გახდა. აქვე გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია – ყარაბაღში სომხური ქრისტიანული კულტურის განადგურება – ეკლესიები, ძეგლები, საფლაოები და ციხესიმაგრეები [ქალაქი ტიგრანაკერტი] . [ამასთან დაკავშირებით 2022 წლის 10 მარტს ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო 635 ხმით 2-ის წინაააღმდეგ [42-მა თავი შეიკავა].

მხარეებს შორის უერთიერთობების გამწვავების კიდევ ერთ მიმართულებად გამოიკვეთა მთიანი ყარაბაღიდან სატრანსპორტო მიმოსვლა სომხეთში და მის მეზობლებთან.

2021 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა სომხეთის ქალაქებს, გორისსა და კაპანს შორის გზის ნაწილი დაიკავა, რითაც დაარღვია სომხეთსა და ირანს შორის მიმოსვლის რეჟიმი. ამან, თავის მხრივ, გაამწვავა სიტუაცია ირანსა და აზერბაიჯანს შორის, რა დროსაც ირანი ომით დაემუქრა სომხეთის საგზაო ინფრასტრუქტურისგან იზოლაციის შემთხვევაში. ახლა აზერბაიჯანი სომხეთისგან ახალ ტერიტორიებს ითხოვს. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება დამატებით დაარღვევს სომხეთის საგზაო კავშირს ირანთან და საქართველოსთან. ამავე დროს აზერბაიჯანი ექსტერიტორიულად ითხოვს “ზანგეზურის” კორიდორის გახსნას სომხეთის ტერიტორიის გავლით. 2022 წლის აგვისტოში აზერბაიჯანმა მოითხოვა ლაჩინის კორიდორის ძველი მარშუტრის დაკეტვა და სხვა მარშუტის გახსნა, რომელიც ქალაქ ლაჩინს [სომხურად ბერძორი] გვერდს აუვლიდა. ვინაიდან ეს ითვალისწინებდა სომხური მოსახლეობის სამი დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციას, სომხურმა მხარემ დროის “გაწელვა” დაიწყო, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობის გამწვავება დაიწყო და სომხეთის მხრიდან ახალ დათმობებს მიაღწია. ამგვარად, აზერბაიჯანმა შეცვალა ლაჩინის კორიდორის მიმართულება ახალ, ნაკლებად უსაფრთხო მიმართულებაზე. 

2022 წლის ოქტომბერში ალიევმა დიპლომატიურ გამარჯვებას მიაღწია: ევროპულ სამიტზე პრაღაში- ფაშინიანმა, მართალია, ზეპირად, მაგრამ ირიბად მაინც ცნო მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში. 2023 წლის მაისში კი ეს აღიარება უკვე არაორაზროვანი განცხადებით გაამყარა – რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მთიანი ყარაბაღის ჩათვლით, იმ შემთხვევაში, თუ იქ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმი იარსებებს. 

ამან აზერბაიჯანის პოლიტიკა უფრო ხისტი გახადა მთიან ყარაბღთან დაკავშირებით. ალიევმა უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა მსხვილი ბიზნესმენის, რუბენ ვარდანიანის დანიშვნა მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრად 2022 წლის 4 ნოემბერს. საბოლოოდ აზერბაჯანმა დაიწყო მისი გადაყენების მოთხოვნა და 2023 წლს 23 თებერვალს ვარდანიანი პოსტიდან გადადგა.

დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანმა შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია დაიწყო ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელიც ჯერ კიდევ რჩება სომხური ხელისუფლების კონტროლქვეშ, რითაც ომის რისკი ძალიან გაიზარდა. 3 დეკემბერს მოკლევადიანად შეიზღუდა მოძრაობა, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება, 12 დეკემბერს კი ყარაბაღის ბლოკადა დაიწყო.

თავიდან ბლოკადა ეკოლოგური დღის წესრიგის საბაბით მიმდინარეობდა: აზერბაიჯანელი სამოქალქო აქტივისტები ყარაბაღში საწარმოო ობიექტებთან, კონკრეტულად კი მაღაროებთან წვდომას ითხოვნდნენ. თუმცა ძალიან მალე გასაგები გახდა, რომ ეს “აქტივისტები “არ არიან სამოქალაქო აქტივისტები: მათ შორის ზოგიერთი იდენტიფიცირებული იყო აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურისა და  პრეზიდენტის აპარტის თანამშრომლად. გარდა ამისა, ამ ბლოკადას გამოეხმარნენ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, რაც სომხებს არ მისცა საშუალება, გზა ძალით გაეხსნათ. 

თავიდან გზა ქალაქ შუშასთან გადაკეტეს, რომელიც აზერბაიჯანმა 2020 წლის 5-9 ნოემბერს დაიკავა და ახლა უკვე მის კონტროლქვეშ იყო, ანუ აზერბაიჯანი მაშინ ჯერ კიდევ არ გამოდიოდა მისი კონტროლირებადი ტერიტორიიდან. გარდა ამისა, ბლოკადა არ იყო სრული, რადგანაც შემოვლითი გზა არსებობდა – მართალია, გრუნტის გზა, თუმცა ტრანსპორტის ნაწილისთვის გამოსაყენებელი იყო და შესაძლებელს ხდიდა, მგზავრთნაკადი 1.5%-ით გაზრდილიყო. მგზავრთა ნაკადი ყარაბაღსა და სომხეთს შორის 2020 წლის შემდეგ ისედაც რამდენჯერმე შემცირდა.

ბლოკადის პირველი თვენახევარი ყარაბაღში სასურსათო მაღაზიების მარაგებით ცხოვრობდა და თითქმის არ შექმნილა რამის დეფიციტი. თუმცა მალევე პრობლემები შეიქმნა მედიკამენტებისა და სამედიცნო დახმარების მიმართულებით.

გარდა ამისა, აზერბაიჯანი რეგულარულად ქმნიდა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დეფიციტს. 2020 წლის ომის დროს, “სამმხრივი განცახდებით”, ყარაბაღმა 37 -დან 31 ჰიდროელქტროსადგური დაკარგა. შედეგად გაიზარდა უმსხვილესი სარსანგის სადგურის დატვირთვა, რომელმაც თავისი მარაგი აპრილშივე ამოწურა.

იანვრის შუა რიცხვებიდან კი, თანდათანობით, მაღაზიებიდანაც გაქრა ყველა რეზერვი.

2023 წლის მარტისთვის ყარაბაღელებმა დაიწყეს შემოვლითი გზის ინტენესიურად გამოყენება, რაც არაეფექტურს ხდიდა აზერბაიჯანის მიზანს სრულ ბლოკადაზე. ამ გზის მოსაჭრელად აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 4 მარტს დივერსია მოაწყვეს, თავს დაესხნენ სომეხ პოლიციელებს და სამი მათგანი მოკლეს. მას შემდეგ ამ გზის გამოყენება შეწყდა. ამავე დროს, ეკოლოგიაზე ზრუნვა აზერბაიჯანელი “აქტივისტების” მიერ არასერიოზულად აღიქმებოდა და ბლოკადა ბოლომდე ვერ ასრულებდა მიზანს.

23 აპრილს აზერბაიჯანმა გზა უკვე არა შუშის მხრიდან, არამედ კორიდორის დასაწყისშივე, სომხეთსისა და აზერბაიჯანის საზღვართან გადაკეტა. სომხეთის ხელისუფლებას ამ შემთხვევაშიც არაცალსახა პოზიცია ჰქონდა. 18 აპრილს ფაშინიანმა სომხეთის პალამენტში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აღიარებს ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობში, რამაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას მწვანე შუქი აუნთო, კიდევ უფრო სასტიკი ნაბიჯები გადაედგათ. 

ყარაბაღის საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღეს რუსმა სამშვიდოებობმა და წითელმა ჯვარმა, რომლებიც მდგომარეობას ამსუბუქებდნენ განსაკუთრებით რთული სამედიცინო შემთხვევების დროს.

უკანასნელ თვეში კი აზერბაჯანმა გაართულა რუსი სამშვიდობოებისა და წითელი ჯვრის გადაადგილებაც. ერთი მხრივ, ყარაბაღს საკუთარი  სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები გააჩნია, რაც საკმარისი იქნებოდა საჭიროებების ნაწილობრივ დასაფარად. თუმცა სოფლის მეურნეობის სამუშაოების დროს აზერბაიჯანელები ადგილობრივებს რეგულარულად უხსნიდნენ ცეცხლს. შედეგად, 2023 წელს ხვნა-თესვისა  და მოსავლის აღების შესაძლებლობა მოსახლეობას აღარ მისცემია.  

ყველა კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ადგილობრივი ეკონომიკის სრული კრახის შემდეგ ხუთჯერ გაიზარდა ფასები, მათ შორის, ადგილობრივ ბოსტნეულზე. გახშირდა შიმშილის ფონზე ქუჩაში ადამიანების გონების დაკარგვისა და დაგვიანებული სამედიცინო დახმარებით გამოწვეული პანციეტების სიკვდილის შემთხვევები. 

საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვანი რეაქციის უქონლობისა და რუსული საშვიდობო მისიის სრული ჩავარდნის პირობებში, ყაბარაღელი სომხები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, სადაც ან აზერბაიჯანს უნდა ჩაბარდნენ, ან შიმშილით დაიხოცონ.

ალიევმა ასევე ულტიმატუმიც წამოაყენა მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო ინსტიტუტების ლიკვიდაციის შესახებ, რაც ყარაბაღის სრულად დაქვემდებარების პოლიტიკის გაგრძელებაა. 

უკანასკნელი 30 წლის განამავლობაში ეს არის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი სამხრეთ კავკასიაში მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან ასობით ათასი ქართველი გამორბოდა და მთელი ცხოვრების დაგროვებულ ქონებას უკან ტოვებდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი