ახალი ამბები

წინასწარი შეფასება შესაძლებელია, პროგნოზირება — ფაქტობრივად გამორიცხული: სააგენტო

4 აგვისტო, 2023 •
წინასწარი შეფასება შესაძლებელია, პროგნოზირება — ფაქტობრივად გამორიცხული: სააგენტო

“კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები”, — ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 3 აგვისტოს შოვში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე საუბრისას.

ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, მსგავსი პროცესების შეფასება შესაძლებელია, თუმცა პროგნოზირება — “ფაქტობრივად გამორიცხული”.

კომენტარი გარემოს ეროვნული სააგენტოს “ფეისბუკის” გვერდზე გამოქვეყნდა.

“ვიმყოფებოდით სტიქიის ზონაში, ძალიან მასშტაბური სტიქიური მოვლენა განვითარდა -ტიპური გლაციალური ღვარცოფი; საკმაოდ დიდ მოცულობასთან გვაქვს საქმე. პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება, როდის და რა დროს მოხდება ეს, ფაქტობრივად, გამორიცხულია და ამას ვერავინ იტყვის.

მსგავსი ტიპის მოვლენა მრავალი ათწლეულია საქართველოში არ დაფიქსირებულა, საკმაოდ მასშტაბური სტიქიური მოვლენა იყო, ბევრად აღემატებოდა მოცულობით დევდორაკს, იგივე -მესტია ჭალას. სამწუხაროდ, სახეზე მივიღეთ ასეთი შედეგი. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სამძებრო აქტი”, — დასძენს ის.

მეგრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი მინიმალურია, რადგან მასის დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია.

“თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი: თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართ არა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები”, — ამატებს მეგრელიძე.


გუშინ, 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეორე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალური ცნობებით, ამჟამად დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.

ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

ამავე თემაზე:

რა მოხდა შოვში და შეიძლებოდა თუ არა პროგნოზირება — გეოლოგ გაფრინდაშვილის კომენტარი

მასალების გადაბეჭდვის წესი