კომენტარი

რა მოხდა შოვში და შეიძლებოდა თუ არა პროგნოზირება — გეოლოგ გაფრინდაშვილის კომენტარი

4 აგვისტო, 2023 • 8312
რა მოხდა შოვში და შეიძლებოდა თუ არა პროგნოზირება — გეოლოგ გაფრინდაშვილის კომენტარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რა მოხდა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში.

გაფრინდაშვილის თქმით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, შოვის ტერიტორიაზე, “ადგილი ჰქონდა, გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ლოკაციაზე”.

“კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში… ამას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექი… ამ უხვმა ნალექმა, ამ წყლის ნაკადმა, დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, მეწყრული პროცესების, ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას. ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც თქვენთვის ცნობილია”, — აღნიშნავს მერაბ გაფრინდაშვილი.

მისი სიტყვებით, “დასავლეთ საქართველოში — არამარტო ამ ხეობაში — მსგავს სტიქიას ადგილი არასოდეს არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი (ხახიეთი) ჩაიმარხა.

“…ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში”, — დასძენს გაფრინდაშვილი 3 აგვისტოს სტიქიის აღწერისას.

მისივე განცხადებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

“დასტაბილურდა სიტუაცია, კვლევები მიმდინარეობს უფრო მეტი დეტალურობით და ამ კვლევების შედეგები აუცილებლად გეცნობებათ. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტიქია, რომელიც გუშინ, 3 აგვისტოს, ამ ლოკაციაზე განვითარდა, სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან — რთული მორფოლოგიური და გეოლოგიური პირობები და ის პროცესები, რომელიც ამ რთულ რეგიონს თავს დაატყდა. ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს”, — აღნიშნა მან შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაფრინდაშვილს უთხრა ისიც, რომ ადგილობრივთა განცხადებით, 3 წლის წინ შედარებით მცირემასშტაბიანი მეწყერი ჩამოწვა, თუმცა შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდა და 3 წლისთავზე მძიმე შედეგები მივიღეთ. აღნიშნულის საპასუხოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა თქვა:

“მსოფლიო მასშტაბით როცა ხდება მსგავსი სტიქიური მოვლენები, თუ ერთს დამისახელებთ, რომ მსგავსი მასშტაბისა და კომპლექსურობის სტიქიაზე როდისმე ვინმეს პროგნოზი გაეკეთებინოს, მე ბოდიშს მოგიხდით. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და ვერც იქნება, რადგან ძალიან სპეციფიკური სტიქიაა, ძალიან თავისებური და მასშტაბური. როდესაც 1 სახეობაა სტიქიის, 2 სახეობა, შეიძლება, რაღაც პროგნოზი გააკეთო, მაგრამ ამ დროს ამას [ვერ გააკეთებ]”.

სტიქია შოვში

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს  ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.

დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი (598 913 089) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.

შსს-ს თქმით, “სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები”.

4 აგვისტოს, 09:40 საათზე გავრცელებულ განცხადებაში შსს ამბობს, რომ “ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი”.

“სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც”, — აცხადებს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი