ახალი ამბები

შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდებზე არ დაუშვა

2 აგვისტო, 2023 • 1918
შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდებზე არ დაუშვა

შიმშილობა დაიწყო ინგა ბაშიროვმა, მშობელმა, რომლის აბიტურიენტი შვილიც NAEC-მა გამოცდაზე არ დაუშვა, მიუხედავად სასამართლო განჩინებისა.

საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელსაც ისტორიის ეროვნულ გამოცდამდე გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ხოლო გამოცდის შემდეგ ოპერაციის შემდგომ გართულებებს მკურნალობდა.

საქმე ოჯახმა სასამართლოშიც მოიგო. სასამართლომ დაავალა ცენტრს, რომ აბიტურიენტი დამატებით დაუშვას გამოცდაზე. სასამართლომდე კი ოჯახმა წერილობით მიმართა ცენტრმა.

„ამ წუთს გადავწყვიტე გამოვიყენო ჩემი ბოლო უფლება. სიცოცხლის უფლება. მე ვიშიმშილებ მანამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს, მისცენ ჩემს შვილს საშუალება, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც მისი მკურნალობის და განათლების მიღების უფლება არ დაირღვევა“, – წერს მშობელი.

აბიტურიენტისა და ოჯახის ინტერესებს ამ საქმეში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] იცავდა.

PHR-ის ცნობით, 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.

„თუმცა 25 ივლისს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გეგმური დამატებითი გამოცდა, ხოლო სასამართლო განჩინებით დავალების შემთხვევაში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს, მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით, გულისხმობს მის დაუყოვნებლივ აღსრულებას.

მივმართავთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა“, – ნათქვამია PHR-ის განცხადებაში.

გარეკანი ფოტო: „ფორმულა

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი