ახალი ამბები

NAEC: ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია

16 აგვისტო, 2023 • 1912
NAEC: ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია

გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას პასუხობს ერთ-ერთი აბიტურიენტისთვის დამატებითი გამოცდის თაობაზე და აცხადებს, რომ არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი,  წელს ომბუდსმენის რეკომენდაცია შეასრულოს. ცენტრის ცნობით, დამატებითი სესიების დანიშვნის საკითხში ცენტრმა კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედა.

ამის შესახებ განცხადება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 16 აგვისტოს გაავრცელა:

“აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა 17 და 18 ივლისს. 18 ივლისს ცენტრში წარმოდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის განცხადება, რაზეც ცენტრმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 21 ივლისის წერილით მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესი და ვადა.

დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით აბიტურიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2023 წლის 27 ივლისს, ხოლო აღნიშნული განჩინება ცენტრში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 28 ივლისს.

აქვე გაცნობებთ, რომ ყველა აბიტურიენტი, რომელმაც მომართა ცენტრს და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაშვებულ იქნა დამატებით გამოცდაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების“ დებულებაში ასახული გამონაკლისების გარდა, კერძოდ – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და დაუძლეველი ძალა – სხვა მიზეზებით გამოუცხადებელი პირების დამატებით გამოცდაზე დაშვება არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა აბიტურიენტებს”, — განმარტავს ცენტრი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი “მოკლებული იყო შესაძლებლობას”, აღესრულებინა 28 ივლისს მიღებული განჩინება, რადგან საგანში დამატებითი სესია სამი დღით ადრე, 25 ივლისს ჩატარდა, გამოყენებული დავალებები კი უკვე გამოქვეყნებული იყო ვებგვერდზე.

ცენტრის ინფორმაციით, მათ გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება და განმარტეს მიზეზი, თუ რატომ ვერ აღასრულებდნენ განჩინებას.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით (შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია) ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია”, — ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა გამოცდების ეროვნულ ცენტრს აბიტურიეტისთვის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლი დანიშვნის რეკომენდაციით დღეს მიმართა. ომბუდსმენმა აბიტურიენტისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.


სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა(NAEC) უარი თქვა, ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. NAEC-ის გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნული აბიტურიენტის მშობელმა შიმშილობა დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც. მათივე განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარედგინათ.

„შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი