ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს- PHR

2 აგვისტო, 2023 • 2840
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს- PHR

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა(NAEC) უარი თქვა, ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ავრცელებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი.

NAEC-ს სწორედ სასამართლომ დაავალა, რომ ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელიც წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაუშვა ეროვნულ გამოცდაზე.

„დღეს პირველად თქვა, ჩემს მეხსიერებაში, სახელმწიფო ორგანომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი. NAEC-მა აბიტურიენტს მისწერა, რომ არ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას – მიზეზი სამართლებრივად უმნიშვნელოა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ეს არის არა ერთი აბიტურიენტის ან ერთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, არამედ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე დარტყმა. ერთი პრეცედენტის დაშვებაც კი სასამართლოს გადაწყვვეტილების უპატივცემულობისა, საფრთხეს უქმნის ყველა სხვა გადაწყვეტილებას, რომ არ აღსრულდეს. რატომ აღასრულოს სხვამ გადაწყვეტილება, თუ თვით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი თქვა? ძალიან სერიოზულ სამართლებრივი კრიზისის დასაწყისია ეს“, – წერს სოციალურ ქსელში ანა არგანაშვილი.

PHR-ის ცნობით, 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.

„თუმცა 25 ივლისს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გეგმური დამატებითი გამოცდა, ხოლო სასამართლო განჩინებით დავალების შემთხვევაში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს, მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით, გულისხმობს მის დაუყონებლივ აღსრულებას.

მივმართავთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა“, – ნათქვამია PHR-ის განცხადებაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც. მათივე განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარედგინათ.

„შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი