ახალი ამბები

ბათუმში დაკავებული მოქალაქე პოლიციის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს -ომბუდსმენი

31 ივლისი, 2023 • 2118
ბათუმში დაკავებული მოქალაქე პოლიციის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს -ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ბათუმში გამართულ აქციასთან და პოლიციის მოქმედებებთან დაკავშირებით. ლევან იოსელიანის ცნობით, პროტესტისას დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე ომბუდსმენის რწმუნებულს ესაუბრა პოლიციის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ.

საქმე ეხება საპროტესტო აქციას, რომლითაც მოქალაქეებმა გააპროტესტეს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმში შესვლა .

ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, პოლიციამ პროტესტის მიმდინარეობისას 19 ადამიანი დააკავა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობის ბრალდებით. თუმცა შსს-ს პრესსამსახურიდან “ნეტგაზეთს” უფრო მეტი, 23 დაკავებულის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

პოლიცია მოქალაქეს აკავებს ბათუმში გამართულ აქციაზე, რომლითაც რუსეთიდან გამოსული გემის ქალაქში შესვლა გააპროტესტეს. ფოტო: ბათუმელები 

“სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ. მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

დაკავებული რ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება”, — აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის თანახმად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო,ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

“საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

რა ხდება ბათუმში

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს, გვიან საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემი ბათუმში 31 ივლისის დილას უნდა შესულიყო.

აქცია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, 31 ივლისსაც გაგრძელდა . პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს საპროტესტო პლაკატები, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

დაახლოებით 10:20 საათზე ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ასევე, კვერცხებისა და ბოთლების სროლა მოჰყვა. ტრანსპორტში ისხდნენ ხსენებული გემიდან ჩამოსული პირები.

ადგილზე პოლიციელები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულნი.

მათ ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ნავსადგურის მიმდებარედ ორმაგი ჯებირები განალაგეს, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.

პარტია “დროას” ცნობით, დაკავებულებს შორისაა გენრი დოლიძე, რომელიც პარტიის ბათუმის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ამასთან, “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია ახალგაზრდა ქალს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეა.

უკანასკნელ დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო გემი ჩადის. მანამდე, 27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი გემი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

Astoria Grande-ს მომდევნო რეისებში ბათუმი არ ფიგურირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი