ახალი ამბები

პარლამენტის და „ეროვნული პლატფორმის“ ორგანიზებით ევროინტეგრაცაზე კონფერენცია მიმდინარეობს

25 ივლისი, 2023 • 1751
პარლამენტის და „ეროვნული პლატფორმის“ ორგანიზებით ევროინტეგრაცაზე კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე მსჯელობენ.

კონფერენციის მონაწილეებს შორის არიან როგორც მმართველი პარტიის ლიდერები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელები, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

თუმცა, როგორც „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ შეთავაზება მხოლოდ გუშინ, 20:00 საათზე მიიღეს, რაც მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების დეპუტატების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას ისახავდა მიზნად:

„ამ კონფერენციაზე ოპოზიციის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა. მე ვფიქრობ, რომ აქ დამსწრე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ გუშინ, საღამოს 8 საათზე მივიღეთ შეთავაზება ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა, რომ ვყოფილიყავით სრულუფლებიანი, თანასწორი სპიკერები კონფერენციაზე. მე არ მგონია, ეს სწორი ჟესტი იყოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ ვართ“, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ისეთი საკითხებს, როგორებიც არის საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და მისი შესრულების პროგრესი, აღნიშნული რეკომენდაციების და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საარჩევნო, მართლმსაჯულების, მედიის, დეპოლარიზაციის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით არსებული მდგომარეობა

ღონისძიებას ესწრება ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი