ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მეფის თვალი”- ვინ დანიშნეს სამხრეთ ოსეთის ახალ დე ფაქტო გენპროკურორად

25 აპრილი, 2023 • 8714
“მეფის თვალი”- ვინ დანიშნეს სამხრეთ ოსეთის ახალ დე ფაქტო გენპროკურორად

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


სამხრეთ ოსეთში [დე ფაქტო – რედ.] გენერალური პროკურორის პოსტზე წარსადგენი კანდიდატების “შესარჩევი კრიტერიუმები” შეცვალეს. ახალი გენერალური პროკურორი ამჯერად არა პრეზიდენტის, არამედ გადაწყვეტილებების მიმღებთა დავალებებს შეასრულებს.

სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებიდან თოთხმეტი თვის შემდეგ, როგორც იქნა, გენერალური პროკურორი დანიშნეს. 

არჩევანი გაკეთდა არაფრით გამორჩეულ და ადგილობრივ საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილ გრიგორი სობაევზე, რომელიც 2022 წლის სექტემბრიდან ცხინვალის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.  

მათი დიდი ნაწილი, ვინც მას პირადად იცნობს, ამბობს, რომ სობაევს კონფორმისტის რეპუტაცია აქვს – არასოდეს დაპირისპირებია ვინმეს, ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა კოლეგებთან და ყველა ხელისუფლების ჩინოვნიკთან. 

შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნება სობაევის მოფერებითი სახელიც – “გრიშიკ”.

მისი პროფესიული ბიოგრაფიიდან მხოლოდ ერთი კონფლიქტური ეპიზოდის შესახებ არის ცნობილი, რომელიც 2023 წლის დასაწყისში მოხდა – სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა მას ფეხსაცმელი ესროლა. 

ცხადია, არაკონფლიქტური ადამიანის რეპუტაციამ განსაზღვრა კენჭისყრის დროს დეპუტატების მიერ მისი კანდიდატურის მხარდაჭერაც – მის მიმართ პრეტენზია დამსწრეთაგან არავის ჰქონია. 

თუმცა ამ საკადრო გადაწვყეტილებამ, ამავდროულად, იმედი გაუცრუა და გამოაფხიზლა ადგილობრივები: თუ რატომ დანიშნეს? რაში მდგომარეობს იმ ადამიანის ღირსება, რომელმაც პროკურატურაში 13 წლის მუშაობისა და ცხინვალის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე 5 წლის მუშაობის განმავლობაში მტრები ვერ გაიჩინა? ყველა ელოდა უფრო თვალსაჩინო კანდიდატურას, მაშინ როდესაც პრეზიდენტი ალან გაგლოევი წელზე მეტია შესაბამის კანდიდატურას ეძებდა.

ტრადიციულად, სამხრეთ ოსეთის სახელისუფლებო სისტემაში გენპროკურორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის პრეზიდენტის სიამის ტყუპია – ერთი რეპუტაცია ორზე. იმით, თუ ვის ნიშნავს პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე, მეტ-ნაკლებად ცხადია, რა პოლიტიკით იმუშავებენ.

თუმცა, ამჯერად გაუგებარი, რამ მოხდა –  პრეზიდენტმა რეპუტაციის არმქონე დანიშნა. ალან გაგლოევს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხელისუფლების თვითნებობა და კანონის უზენაესობა უნდა დამყარდეს. შესაბამისად, ხალხს მოლოდინი გაუჩნდა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობას ამ ამოცანების შესასრულებლად ღირსეული დაიკავებდა. 

გარდა ამისა, ალან გაგლოევის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ასე ჟღერდა: წინა რეჟიმის ყველა დანაშაული გამოძიებული იქნება. იგულისხმებოდა კორუფციული დანაშაულები, რომლებიც რუსი აუდიტორების მიერ იყო გამოვლენილი, სისხლის სამართლის საქმეების ფალსიფიკაცია დაა.შ. 

მათ შორის მთავარი – ყველაზე რეზონანსული “ჯაბიევის საქმეა”. საზოგადოება მიიჩნევდა, რომ ამ დანაშაულის გახსნა ალან გაგლოევისთვის ღირსების საქმეა. 

2020 წლის აგვისტოში სამი შვილის მამა, 30 წლის ინალ ჯაბიევი სიკვდილამდე აწამეს ადგილობრივი შსს-ს სარდაფში. მისგან სურდათ მიეღოთ აღიარება შს მინისტრის მკვლელობის დაგეგმვაზე ალან გაგლოევის დავალებით, რომელიც იმ დროისთვის მაშინდელი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პოლიტიკური ოპონენტი იყო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შს მინისტრზე თავდასხმა გაგლოევის პოლიტიკური ველიდან მოსაშორებლად დაიგეგმა.

პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან გაგლოევი არ ივიწყებდა დაპირებებს და არაერთხელ განუცხადებია ეს საჯაროდ. გენერალური პროკურატურა პეროოდულად აცხადებდა მშენებლობების დროს ბიუჯეტის გაფლანგვისა და ჩინოვნიკების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ ახალ სისხლის სამართლის საქმეებზე. ორი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყოფილი გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის წინააღმდეგ, მათ შორის “ჯაბიევის საქმეზე”. ჯაგაევი პრეზიდენტ ბიბილოვის დავალებით პირადად აკონტროლებდა შს მინისტრზე “თავდასხმის” საქმის გამოძიებას. 

ამავე დროს, ბიბილოვთან აფილირებული საინფორმაციო რესურსები იტყობინებიან, რომ გამოძიება უკიდურესად დაბალი პროფესიონალზმით მიმდინარეობს და ასეც დასრულდება, რაც არაა გამორიცხული, რადგან მეტ-ნაკლებად რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეები უკანასკნელ წლებში სასამართლოებში არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. პროცესებში მონაწილე რუსი ადვოკატები, ასევე, გამოძიების დაბალ ხარისხზე საუბრობენ. 

მსგავს შეფასებას აკეთებს საზოგადოებისადმი და პარლამენტისადმი ყოველწლიურ გზავნილში თავად პრეზიდენტიც:

“არ დაგიმალავთ, რომ პროკურატურის თანამშრომლების უკიდურესად დაბალი პროფესიონალიზმისა და პატიოსანი თანამშრომლების სიმწირის გამო ჩვენთვისაც რთულია გამოძიებები”. 

მან ასევე გასცა დაპირება, რომ პროკურატურა გაიწმინდება უღირსი თანამშრომლებისგან. 

სწორედ ასეთი გამოსვლის შემდეგ, საზოგადოება ელოდა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პროფესიონალს მოძებნიდნენ, რომელიც თავის მხრივ, მოიშორებდა საგამოძიებო ორგანოებიდან არაკომპეტენტურ და უღირს თანამშრომლებს. 

ამოცანა რთულია. პროკურატურის პირადი შემადგენლობა არაერთი წელი ყალიბდებოდა. ამ პროცესში მუდმივად გავლენიანი ჯგუფები მონაწილეობდნენ. ისინი ცდილობდნენ პროკურატურაში საკუთარი ხალხი შეეყვანათ, რომლებიც კანონის ავლით მათ დელიკატურ მითითებებს შეასრულებდნენ. 

შედეგად, რუსეთში მიღებული განათლებით ახალგაზრდა სპეციალისტები სამსახურის საშოვნელად ისევ რუსეთში დაბრუნდნენ, სამხრეთ ოსეთის პროკურატურაში თანამდებობები კი მოხერხებულმა ბიჭებმა დაიკავეს. 

ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დღეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საჭიროა ადამიანი “წარსულის” გარეშე და, რაც მნიშვნელოვანია, გავლენის ჯგუფებთან ურთიერთობების გარეშე. ადამიანი, რომელიც ერთს დაემორჩილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტების აზრით, გახმაურებული საქმეები, რომლის გამოძიებაშიც დაინტერესებულია გაგლოევი, შესაძლოა პროკურატურასა და სხვადასხვა დაჯგუფებას შორის ინტრიგებში გაიხლართოს.  

ამ კონტექსტში საინტერესოა მოვლენების ჯაჭვი, რომელიც წინ უძღოდა მის დანიშვნას. 

პრეზიდენტმა პროკურატურის კოლექტივს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა, მომდევნო დღეს კი გრიგორი სობაევმა პრესისთვის შემდეგი განცხადება გააკეთა: 

“პროკურატურის ეფექტური მუშაობისთვის, თანამშრომლების დახასიათებებისა და პროფესიონალიზმის ხარისხის გათვალისწინებით იგეგმება საკადრო გადაადგილებები. ასევე მოხდება ზედამხედველობის “დაფორმატება”, რომელიც პროკურატურის ძირითადი ფუნქციაა. დღეს ამ ზედამხედველობას პროკურატურა კანონის დარღვევის ან უკვე მომხდარი ფაქტის შემდეგ ახორციელებს. გამოდის, მიმავალ მატარებელს ვესვრით ქვებს”. 

ოდესღაც მოკრძალებული სობაევის ამ მკაცრმა განცხადებამ გააკვირვა საზოგადოება. 

10 ივლისს ძალოვანი სტრუქტურების შეკრებაზე გრიგორი სობაევმა პრეზიდენტს ”ჯაბიევის საქმის” დასრულებაზე და დონბასში დაკავებულ საგზაო-სამშენებლო საწარმოს ექსდირექტორზე მოახსენა, რომელსაც საბიჯეტო თანხები ჰქონდა მითვისებული და უახლოეს დროში ის სამხრეთ ოსეთში იქნებოდა ექტრადირებული. 

გასაგებია, რომ დანიშვნიდან სამ დღეში საქმეების გამოძიება ვერ მოხერხდებოდა. ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნამდე გამოძიების შედეგები არ საჯაროვდებოდა. 

ამ საქმეების წარმოება ითვალისწინებს კონფლიქტს გავლენიან და საშიშ ადამიანებთან. ამაზე წამსვლელი კი არავინაა იქამდე, სანამ სრულუფლებიანი გენერალური პროკურორი არ ხარ და პრეზიდენტი არ გიმაგრებს ზურგს.

ამავე დროს, პრეზიდენტი ვერ შეებრძოლება ყველას, ვინც ბიუჯეტი გაფლანგა. ასეთი აქ ძალიან ბევრია. ყველა იპარავდა და ბოროტად იყენებდა თანამდებობას.

ნებისმიერს, ვინც ნახევარი წლის განმავლობაში მაინც იყო რაიონის ხელმძღვანელის, მინისტრის ან პრეზიდენტის პოსტზე, თავისუფლად შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს. ყველა მტკიცებულება აშკარაა. ბევრი მსგავსი ფაქტი რუსი სახელმწიფო აუდიტორების აქტებშიცაა აღწერილი. 

საქმეს ისიც სჭირდება, რომ მტრებს, პირველ რიგში კი, ანატოლი ბიბილოვს აჩვენონ, რომ ისიც დაუცველია. ექსპრეზიდენტმა თავის დროზე გადაკვეთა წითელი ხაზი, როდესაც შეეცადა, გაგლოევი ტერაქტის მომზადებასა და რუსეთის სამი მოქალაქის მკვლელობაში დაედანაშაულებინა და დანაშაულის აღიარებისთვი მისი ხალხი ეწამებინა. შესაბამისად, ახლა ალან გაგლოევი შეეცდება “ვალი” დაუბრუნოს. 

თუმცა ვერ შეებრძოლები მათ, ვინც კანონისა დ საზოგადოების წინაშეა დამნაშავე – ან ცოცხლად შეგჭამენ, ან უბრალოდ, პატრონი სახელმწიფო ამის საშუალებას არ მოგცემს. თუნდაც ანატოლი ბიბილოვის ბედს, რომელიც კრემლის პროექტია და რომელშიც ბევრი ძალისხმევა და რესურსია ჩადებული, გაგლოევი ვერ გადაწყვეტს. ამასთან, კრემლი შიდა სიტუაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ცდილობს, არ დაუშვას ცხინვალში ადგილობრივი ელიტების მკვეთრი მოძრაობები. მისი მიზანი ისაა, რომ ერთდროულად, შიდა სტაბილურობა შეინარჩუნოს სამხრეთ ოსეთში და ამავე დროს, არ დაუშვას ისეთი რადიკალური ცვლილებები და რეფორმები, რაც მაგალითად, საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობისას განხორციელდა.

საჭირო იყო გენერალური პროკურორი ამბიციების გარეშე და შემსრულებელი, ანუ “მეფის თვალი” – როგორც საიმპერატორო რუსეთში ამბობდნენ.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის მფლანგველებისა და ძალოვნების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც გაიმართება. ამ სადამსჯელო პროცესების გარეშე შემდეგი წლის ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტია. 

გარემოებამ, სადაც რუსეთის დე ფაქტო დოტაციურ სუბიექტს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი აქვს, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერობებში დისონანსი შეიტანა. მოსკოვს პოლიტიკური მოტივით არ შეუძლია შეაჩეროს სამხრეთ ოსეთის დაფინანსება და ამავე დროს, პასუხის მოთხოვნაც არ შეუძლია მძარცველი ვასალისგან, რადგან ფორმალურად მისი იურიდისქციის მიღმაა.

სამხრეთ ოსეთის ელიტის მზარდ მადაზე “უფროსი ძმა” რაღაც დრომდე თვალს ხუჭავდა, რითაც უმცროსი ძმების მიმართ ლოიალობას გამოხატავდა. თუმცა ფლანგვის და ძარცვის იმ მასშატბებმა, რომელსაც სამხრეთ ოსეთში ადგილი ჰქონდა, მოსკოველი კურატორებიც კი გააოცა. 

რასაკვირველია, ამ მხრივ, გარკვეული ხარისხობრივი ცვლილებები გათვალისწინებულია სამართლდამცველ სფეროშიც. სობაევის განცხადება ზედამხედველობის სამსახურის რეფორმაზე ამას მტკიცებულებაა. ადგილობრივი ექსპერტების მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება ჯერ მის დანიშვნამდე იყო მიღებული. შესაბამისად, ახალი გენერალური პროკურორი უფრო გადაწყვეტილების მიმღებთა ჯგუფის სახეა, ვიდრე პრეზიდენტის “სიამის ტყუპი”. სამხრეთ ოსეთისთვის ეს უკვე რაღაც ახალი კონსტრუქციაა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი