ახალი ამბები

ერაყში მომიტინგეები შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ

20 ივლისი, 2023 • 909
ერაყში მომიტინგეები შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომიტინგეები შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ და პატარა ხანძარიც მოაწყვეს, იტყობინება „გარდიანი“. საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან, განაცხადეს შვედეთის საგარეო უწყებაში.

მომიტინგეები საელჩოსთან შეკრიბა გავლენიანმა სასულიერო პირმა, მუკთადა ალ-სადრმა – მას შემდეგ, რაც პოლიციამ, გავრცელებული ინფორმაციით, სტოკჰოლმში ყურანის საჯაროდ დაწვის აქციაზე ნებართვა გასცა. იქამდე, შვედეთის დედაქალაქში ერაყელი მამაკაცის მიერ მეჩეთთან ყურანის დაწვის გამო, ალ-სადრი მოუწოდებდა ხელისუფლებას, გაეძევებინა შვედეთის ელჩი.

„როიტერსის“ ცნობით, 19 ივლისს სტოკჰოლმის პოლიციამ ნებართვა გასცა ორკაციან დემონსტრაციაზე ერაყის საელჩოსთან. მონაწილეთა შორის უნდა ყოფილიყო პირი, რომელმაც ივნისში უკვე დაწვა ყურანი. შვედურმა მედიასაშუალება TT-მ შემდეგ დაწერა, რომ გეგმაში იყო ყურანის ხელმეორედ დაწვა. შვედეთის პოლიციამ წელს რამდენჯერმე უარი განაცხადა ყურანის დაწვის აქციებზე ნებართვის გაცემაზე, თუმცა სასამართლოებმა გააუქმეს სამართალდამცავთა გადაწყვეტილება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების გამო.

გავრცელებული ვიდეობის თანახმად, ათეულობით მამაკაცი ცდილობდა ღობეზე აძრომას და საელჩოს ტერიტორიაზე შეღწევას. სხვა ვიდეოზე კი ჩანს პატარა ხანძრის მოწყობის მცდელობა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი.

შვედეთმა მომხდარი შეაფასა ვენის კონვენციის სერიოზულ დარღვევად და მოუწოდა ერაყს, „დაიცვას დიპლომატიური მისიები და თანამშრომლები“. ოფიციალურმა ბაღდადმა დაგმო თავდასხმა და პირობა დადო, რომ მომხდარს გამოიძიებს და დამნაშავეებს მიაგნებს.


გარეკანის ფოტო: © CNN

მასალების გადაბეჭდვის წესი