საზოგადოება

რუსეთი ერაყიდან ირანის მიერ კონტრაბანდულად გადმოტანილ იარაღს იყენებს — The Guardian

12 აპრილი, 2022 • 1841
რუსეთი ერაყიდან ირანის მიერ კონტრაბანდულად გადმოტანილ იარაღს იყენებს — The Guardian

უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, იარაღის კონტრაბანდის ირანული ქსელების დახმარებით, რუსეთი ერაყიდან იღებს საბრძოლო მასალასა და სამხედრო აღჭურვილობას. აღნიშნულის შესახებ იუწყება ბრიტანული The Guardian ერაყში მოქმედ, ირანის მიერ მხარდაჭერილ მილიციასა და რეგიონული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, ბოლო პერიოდში უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიის შეფერხების ფონზე, ერაყიდან რუსეთში უკვე გაიგზავნა RPG-ები(რაკეტმტყორცნები) და ტანსკსაწინააღმდეგო რაკეტები, ისევე როგორც ბრაზილიური წარმოების სარაკეტო სისტემები.

ასევე, The Guardian წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანული წარმოების სარაკეტო სისტემა “Bavar 373”, რომელიც რუსული S-300-ის მსგავსია, ირანის ხელისუფალთა მიერ მოსკოვს გადაეცა.

“იარაღით ვაჭრობის იატაკქვეშა ქსელის გამოყენება მიანიშნებს რუსეთის სტრატეგიის დრამატულ ცვლილებაზე, რადგან უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული ახალი სანქციების შემდეგ, მოსკოვი იძულებულია დაეყრდნოს ირანს, მის სამხედრო მოკავშირეს სირიაში.

…პროცესებს ასევე დიდი გავლენა აქვს იარაღის საერთაშორისო ტრეფიკინგის ბიზნესში ვაჭრობის მიმართულებასა და მოცულობაზე”, — წერს ბრიტანული გამოცემა.

2003 წელს, როცა ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის რეჟიმი ჩამოაგდეს, ერაყში განლაგდნენ აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სამხედროები. მათ გაწვრთნეს და შეაიარაღეს ერაყის არმიისა და სპეცდანიშნულების რაზმის არაერთი დანაყოფი, რათა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა შეიარაღებული დაჯგუფებებისგან დაეცვათ.

როგორც The Guardian წერს, ომიდან ორი ათწლეულის შემდეგ ერაყი იარაღით არის სავსე.

“[ამ იარაღის] დიდი ნაწილი ლეგალურად გადავიდა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური მილიციების ხელში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აშშ-ის ყოფნას ქვეყანაში, თუმცა 2016 წლიდან [აღნიშნული მილიციები] ოფიციალურად შეიყვანეს ერაყის შეიარაღებულ ძალებში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად”, — წერს გამოცემა.

დროთა განმავლობაში მილიციები უფრო მეტად გაძლიერდნენ. RPG-ები(რაკეტმტყორცნები) და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლებიც ეკუთვნოდა მრავალი შეიარაღებული ჯგუფისგან შემდგარ ქოლგა ორგანიზაციას, “ალ-ჰაშდ ალ-შაყბის”, 26 მარტს ერაყის მეზობელ ირანში გადაიტანეს. იქ იარაღი ირანის არმიის ხელში გადავიდა, შემდეგ კი რუსეთში, ზღვით გაიგზავნა.

The Guardian-ის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია მიიღეს მილიციის იმ ფრთის წარმომადგენლისგან, რომელიც შესაბამის სასაზღვრო ზონას აკონტროლებს.

“ალ-ჰაშდ ალ-შაყბიმ” ასევე დაშალა და ირანში ნაწილებად გაგზავნა ბრაზილიური წარმოების სარაკეტო სისტემა “Astros II”. გამოცემის წყაროს თანახმად, ეს პირველ აპრილს მოხდა.

“ჩვენ არ გვაინტერესებს, სად მიდის მძიმე შეიარაღება [რადგან ჩვენ არ გვჭირდება ის მოცემულ მომენტში]… ნებისმიერი რამ, რაც აშშ-ის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, ჩვენ გვახარებს”, — ამბობს “ალ-ჰაშდ ალ-შაყბის” წარმომადგენელი.

“სამი სატვირთო ხომალდი, რომელთაც შეუძლიათ ასეთი ტვირთის გადატანა, – ორი — რუსეთის დროშით, ერთი კი— ირანის დროშით, –  მითითებულ ვადებში, კასპიის ზღვის გავლით ირანის პორტ ანზალიდან ჩავიდა ასტრახანში, რუსეთის ქალაქში ვოლგის დელტაზე”, — წერს გამოცემა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის გამო მოსკოვს დასავლეთის ქვეყნებმა რიგი ეკონომიკურ სანქციები დაუწესეს, მათ შორის, ორმაგი დანიშნულების საქონელზე — როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო დანიშნულების ნაწარმზე, როგორიცაა, მაგალითად, ავტომანქანების სათადარიგო ნაწილები, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები.

დასავლეთში არაერთგზის საუბრობენ რუსეთის სამხედრო კამპანიის პრობლემებზე. მათ შორის, ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფებიდან — რომელთა რიცხვიც დაახლოებით 125-ით არის შეფასებული — 29 მათგანი “საბრძოლოდ არაეფექტურია”.

მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო საკვანძო ქალაქების დაკავება, რუსეთმა 26 მარტს თქვა, რომ სამხედრო კამპანიის “პირველი ეტაპის” ამოცანები დიდწილად შესრულებულია და ახლა ის ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონის “გათავისუფლებაზე” ფოკუსირდება. მოსკოვი ამტკიცებს, რომ შეძლო უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების შემცირება.

მოგვიანებით, 7 აპრილს, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს სამხედროების მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს და “ეს დიდი ტრაგედიაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი