ახალი ამბები

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

18 აპრილი, 2022 • 3730
თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ამის შესახებ თავად თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა.

მისი განცხადებით, თურქულმა თვითმფრინავებმა და არტილერიამ იერიში მიიტანეს ერაყის ჩრდილოეთში, მეთინაში, ზაპისა და ავაშინ-ბასიანის რეგიონებში ქურთისტანის (ქურთეთის) მუშათა პარტიის პოზიციებზე, შემდეგ კი ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარებითაც შევიდნენ.

„ჩვენი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, ისე, როგორც დაგეგმილი იყო. მიზანი, რომელიც ოპერაციის პირველი ფაზის დროს დავისახეთ, განხორციელებულია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

22-29 მარტს ჩატარებული AKAM-ის კვლევის თანახმად, ქვეყნის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ რეიტინგი 30.8 პროცენტამდე შემცირდა და მას „თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ 0.7 პროცენტით გადაასწრო.

თურქეთის მკვლევართა ნაწილის თანახმად, წარსულში სირიის არაბულ რესპუბლიკასა და ერაყში განხორციელებული ინტერვენციების მიზეზი, მათ შორის, აიხსნებოდა თურქეთში მმართველი ძალის რეიტინგის შემცირებით.

თურქეთი ქურთისტანის (ქურთეთის) მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, მის წევრებსა და მასთან აფილირებულ პირებს კი- ტერორისტებად.

ორგანიზაცია თავდაპირველად მარქსიზმ-ლენინიზმისა და ქურთული ნაციონალიზმის იდეებზე შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით, 1990-იან წლებში, ორგანიზაციაში დომინანტი გახდა აბდულა ოჯალანის სწავლება, იგივე აპოიზმი და დემოკრატიული კონფედერაციის იდეები.

ფოტო გარეკანზე: Anadolu Agency

მასალების გადაბეჭდვის წესი