ახალი ამბები

ივანიშვილის ადვოკატების მორიგი განცხადება „კრედიტ სუისთან“ დავაზე

18 ივლისი, 2023 • 709
ივანიშვილის ადვოკატების მორიგი განცხადება „კრედიტ სუისთან“ დავაზე

ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ დავასთან დაკავშირებით იურიდიული ფირმა „მეტრიკა“ განცხადებას  აქვეყნებს. ამ ფირმის მმართველი პარტნიორი ლაშა კალანდაძე ივანიშვილის ინტერესებს 8 თებერვლიდან იცავს.

18 ივლისის განცხადებაში „ოცნების“ დამფუძნებლის, – რომელიც ბანკს ედავება ჯერ მისი აქტივების გაფლანგვაში, 2022 წლიდან კი კუთვნილი თანხის უკანონოდ არგადაცემას, – ინტერესების დამცველები მისი და ბანკის დავის ახალ დეტალებზე საუბრობენ. კერძოდ, ადვოკატების ცნობით:

  • ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ 23 ივნისს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკს ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა;
  • სინგაპურის სასამართლომ 26 მაისს „კრედიტ სუის ტრასტ ლიმიტედს“ დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ  ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით“;
  • „კრედიტ სუისის“ და მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების აქტივების „დიდი ნაწილი“ გადავიდა სხვა შვეიცარიულ ბანკში, „იულიუს ბერში“, „თუმცა აქტივების მმართველად დარჩა „კრედიტ სუისის“ ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე;
  • 2023 წლის 14 ივნისს დაიშალა „კრედიტ სუისთან“ არსებული ტრასტი, რომელიც ივანიშვილის აქტივებს მართავდა;
  • აქტივების გადანაწილება უნდა უზრუნველყოს „იულიუს ბერმა“, თუმცა აქტივების 95%-ის განაწილების მხრივ შეიქმნა პრობლემა, ვინაიდან ისინი აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ჰეჯ-ფონდებშია, რომლებიც აფერხებენ მათ გადაცემას;

ადვოკატები იმედს გამოთქვამენ, რომ „სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღდგება სრულ აქტივებზე წვდომა“.

„მეტრიკის“ მმართველი პარტნიორია ლაშა კალანდაძე, იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი (2006-13) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (2005-06).


დავა ბიძინა ივანიშვილისა და ბანკს შორის, – რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, – წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

ეს დავები ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების დაკარგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს.

ივანიშვილის წარმომადგენლებმა „კრედიტ სუისთან“ კიდევ ერთი დავის დაწყების შესახებ საჯაროდ 2022 წლის მაისში განაცხადეს, ივანიშვილისთვის კუთვნილი თანხების არგადაცემის გამო.

ივანიშვილის მხარის თანახმად, ბანკი თანხის არგაცემას ჯერ „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკურ ვითარებით“, შემდეგ კი ევროპარლამენტის რეზოლუციით ხსნიდა, რომელშიც იყო მოწოდება ყოფილი პრემიერის სანქცირებისკენ.

პოლიტიკურ შანტაჟზე, „საქართველოს ომში ჩათრევის“ კონტექსტში, საუბრობდნენ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერებიც.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი