ახალი ამბები

ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერასა და პუტინის იმედგაცრუებაზე – ნატოს სამიტი დასრულდა 

13 ივლისი, 2023 • 1994
ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერასა და პუტინის იმედგაცრუებაზე – ნატოს სამიტი დასრულდა 

 “ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 ივლისს, ვილნიუსში ნატოს ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ:

“ჩვენ არ ვიტყვით უარს.  ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ ვიდგებით თავისუფლებისთვის დღეს, ხვალაც და რამდენი ხანიც  დასჭირდება”.

ბაიდენმა, რომელიც პრესკონფერენციამდე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და შეხვედრას “ძალიან კარგი” უწოდა, აშშ-ის მხარდაჭერის ხაზგასასმელად  კოალიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„შეერთებულმა შტატებმა შექმნა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია, რათა დარწმუნებული იყოს, რომ უკრაინა თავს იცავს და ამის გაკეთებას შეძლებს მომავალშიც”.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად თითქმის წელიწადნახევრიანი ომისა, უკრაინა რჩება თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყნად. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას სურს, ომი დასრულდეს სამართლიანი პირობებით, რომლებიც ეფუძნება  გაეროს წესდების ძირითად პრინციპებს – სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  რუსეთის პრეზიდენტზეც ისაუბრა:

პუტინს ეგონა, რომ ნატოს ერთიანობა შეირყეოდა  რუსეთის ომის დროს უკრაინაში, მაგრამ, ბაიდენის თქმით,  “იგი არასწორად ფიქრობდა”:

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო მომავლისთვის“.

 “პუტინს ეგონა, რომ დემოკრატიული ლიდერები სუსტი იქნებოდნენ. მაგრამ ის არასწორად ფიქრობდა.  აშშ და ნატო „ერთად გააქტიურდნენ“, –  თქვა ბაიდენმა.

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს ორდღიანი სამიტი დასრულდა. სამიტზე განიხილეს ორი ძირითადი საკითხი –  შვედეთის ნატოში გაწევრიანება  და უკრაინის მხარდაჭერა  და წევრობის გზა.

შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა თურქეთი – განაცხადა ორშაბათს  ნატოს გენერალურმა მდივანმა  იენს სტოლტენბერგმა და მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს დიპლომატიისთვის. თურქეთის პარლამენტი გადაწყვეტილებას კენჭს შემოდგომაზე უყრის. შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მანამდე მხარი დაუჭირა ალიანსის 28 წევრმა. რჩებოდა მხოლოდ თურქეთი და უნგრეთი. თუმცა უნგრეთმა სამიტამდე მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა იმ შემთხვევაში, თუკი შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი დაეთანხმებოდა.

უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით სამიტზე უფრო დაძაბული იყო ვითარება, რადგან, მართალია, ნატოს კომუნიკეში ჩაიწერა, რომ უკრაინას გაწევრებისთვის მაპი [სამოქმედო გეგმა] აღარ სჭირდება, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ალიანსმა უკრაინას არ გაუკეთა “მიწვევა”, ასევე გაურკვეველი დარჩა ვადები. თავდაპირველად ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილებას “აბსურდული და უპრეცედენტო” უწოდა, თუმცა უკვე 12 ივნისს, მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდა,  განცხადება შეარბილა და თქვა, რომ  კიევი მადლობელია, ნატოში გაწევრიანების გზიდან მაპი რომ ამოიღეს, თუმცა დასძინა, იდეალური“ იქნებოდა, უკრაინა ნატოში რომ მიეწვიათო.

ბაიდენმა აღიარა, რომ ალიანსმა არ მიიწვია უკრაინა წევრობაზე სამიტის დროს, რადგან ის მუშაობს “აუცილებელ რეფორმებზე”. თუმცა, ბაიდენმა დასძინა, რომ  არ ელოდებიან რეფორმების დასრულებას  უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას უსაფრთხოების განმტკიცებაში დაეხმარებიან. როგორც ამ ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერების პრესკონფერენციაზე ითქვა, დახმარება მოიაზრებს თითოეული ქვეყნის ორმხრივ შეთანხმებას კიევთან. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ გარანტიების ფარგლებში უკრაინა მიიღებს თანამედროვე საჰაერო და საზღვაო სამხედრო ტექნიკას. „შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინას ეკონომიკურადაც დაეხმარებიან.

ასევე წაიკითხეთ:

საქართველოსთვის MAP-ის საჭიროება ძალაში რჩება – ნატო-ს კომუნიკე
კორნელი კაკაჩია: საქართველო თითქოს არც მონაწილეობდა ნატოს სამიტში

მასალების გადაბეჭდვის წესი