ახალი ამბები

ზელენსკი ვილნიუსის სამიტის შედეგებს აფასებს

12 ივლისი, 2023 • 1168
ზელენსკი ვილნიუსის სამიტის შედეგებს აფასებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვილნიუსის სამიტზე ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აზრი იცვალა და ახლა მათ არა კრიტიკულად, არამედ დადებითად უყურებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, „ევროპეისკა პრავდა“ [„უკრაინსკა პრავდას“ განყოფილება] წერს.

ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ სამიტის შედეგები „კარგად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ  „იდეალური“ იქნებოდა, უკრაინა ნატოში რომ მიეწვიათ.

მისივე თქმით, კიევი მადლობელია, რომ ნატოში გაწევრიანების გზიდან მაპი ამოიღეს. ზელენსკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანების გზაზე შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტიები [მედიის ცნობით, გარანტიებს უკრაინას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შესთავაზებენ] და ხაზი გაუსვა, რომ ეს გარანტიები არ ანაცვლებს ალიანსში გაწევრიანებას.

უკრაინის პრეზიდენტმა აგრეთვე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის გაწევრიანდება უკრაინა ნატოში. ზელენსკის თქმით, ესმის, რომ „ეს მოხდება მაშინ, როცა ჩვენს მიწაზე უსაფრთხოება იქნება“.

ზელენსკის თქმითვე, დასანანია, რომ უკრაინამ გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მიწვევა არ მიიღო.

„მესმის, რომ ეს ტექნიკური სიგნალია, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამას ვადარებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ესეც სიგნალი იყო. კანდიდატობა არაა წევრობა, მაგრამ კანდიდატობა არჩევანს აჩვენებს“, – ამბობს ზელენსკი.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი