ახალი ამბები

უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ცესკოს კანონზე ვეტოს დაძლევას შეისწავლის – ბოკუჩავა

11 ივლისი, 2023 • 824
უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ცესკოს კანონზე ვეტოს დაძლევას შეისწავლის – ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობა“ სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელმაც უნდა შეისწავლოს პარლამენტის მიერ 3 ივლისს დაძლეული პრეზიდენტის ვეტოს საკითხი.

კერძოდ, პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ 3 ივლისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო პროცედურული დარღვევით დაძლია. საუბარია ცესკოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოზე. „გირჩის“ განცხადებით, ვეტოს დაძლევისას „ქართული ოცნების“ წევრებმა სხვების ნაცვლად მისცეს ხმა.

„ძალიან ხშირ შემთხვევაში უმრავლესობას არ აქვს ხოლმე კვორუმი და რეალურად არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის არაუფლებამოსილი სხდომის მიერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რადგან არ გვაქვს იმის იმედი, რომ საპროცედურო კომიტეტი, რომელიც რეალურად ასეთ საკითხებს უნდა განიხილავდეს, მიიღებს რაიმე სახის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას პასუხად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სჯობს ოპოზიციამ „არაკვალიფიციური მოთხოვნების“ ნაცვლად პარლამენტის რეგლამენტი წაიკითხოს.

„როდესაც დეპუტატმა შეიძლება პრეტენზია გამოთქვას იმის თაობაზე, იყო თუ არა სხდომაზე კვორუმი და იყო თუ არა საკმარისი ხმები, ანუ ადგილზე იმყოფებოდა თუ არა საკმარისი რაოდენობის დეპუტატი, რეგლამენტის მიხედვით, პრეტენზია უნდა გამოთქვას არა დეპუტატმა, არამედ ფრაქციამ. შესაბამისად, პოლიტიკურმა ჯგუფმა ან შვიდკაციანმა შემადგენლობამ დააყენოს ეს საკითხი. ეს არის წესი, რომლის ასე დაყენების შემთხვევაშიც გადაითვლება ხოლმე დეპუტატების რაოდენობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი