ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტი დროებით ჩერდება, ფრენები თბილისში გადაამისამართეს

11 ივლისი, 2023 • 2861
ქუთაისის აეროპორტი დროებით ჩერდება, ფრენები თბილისში გადაამისამართეს

განახლება[02:53]“შესაძლებელი გახდა ეტაპობრივი ამუშავება” — რა ხდება ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დროებით წყვეტს. ადმინისტრაციის თანახმად, მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობაა. დაგეგმილი ფრენები თბილისში გადაამისამართეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “წინასწარი ინფორმაციით”, მუშაობა 11 ივლისის 07:00 საათამდე გაჩერდება.

ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, უამინდობის შედეგად ერთ-ერთი ფლიგელის სახურავი დაზიანდა და ჭერიდან რამდენიმე ფრაგმენტი ჩამოცვივდა. კადრებში ჩანს, რომ აეროპორტში წყალია ჩასული.

“უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.

ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი – ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

გარეკანზე: ფოტოასლები “ტვ ფორმულას” პირდაპირი ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი