ახალი ამბები

სტოლტენბერგის, ნაუსედას და ევროკომისიის პასუხი ერდოღანს EU-ს წევრობაზე

10 ივლისი, 2023 • 978
სტოლტენბერგის, ნაუსედას და ევროკომისიის პასუხი ერდოღანს EU-ს წევრობაზე

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მხარს უჭერს თურქეთის ამბიციას, გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა შვედეთის ნატოში გაწევრიანება უკავშირდება მადრიდში უკვე შეთანხმებულ პირობებს .

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ანკარა დასთანხმდეს შვედეთის ნატოში მიღებას, თუ ევროპული სახელმწიფოები „კარს გაუღებენ თურქეთს“ ევროკავშირის წევრობის გზაზე.

„მე მხარს ვუჭერ თურქეთის ამბიციებს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რაზეც შევთანხმდით მადრიდში, ეს იყო პირობების სპეციფიკური სია, რომელიც შვედეთმა უნდა შეასრულოს ალიანსის წევრობამდე.  შვედეთმა შეასრულა ეს პირობები“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

კერძოდ, სტოლტენბერგმა ჩამოთვალა, რომ შვედეთმა იარაღის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა; გააძლიერა ანტიტერორისტული კანონმდებლობა; თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე თანამშრომლობა ღრმავდება; შვედეთმა კონტრტერორისტული კანონმდებლობა გააძლიერა.

ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა, ისე უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინება ყველა მოკავშირის, ვისაც სურს, შვედეთი რაც შეიძლება მალე იხილოს ალიანსში.

„ეს გააძლიერებს ნატოს და ჩვენს შესაძლებლობას, დავიცვათ განსაკუთრებით ბალტიის რეგიონი. დახედეთ რუკას. შვედეთის და ფინეთის წევრობა ცვლის ამ რეგიონში ნატოს ყოფნის გეოგრაფიას“, — განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსი მუშაობს, შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს ნატოს წევრი.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თურქეთს ჰქონდა კონკრეტული მოთხოვნები შვედეთის მიმართ და მნიშვნელოვანია, როცა ეს მოთხოვნები შესრულდება, არანაირი ახალი [მოთხოვნა] არ დაემატოს.

თურქეთს ამ დრომდე არ განუცხადებია საბოლოო თანხმობა ნატოში შვედეთის მიღებაზე. მთავარი მიზეზია შვედეთის პოლიტიკა ქურთების მიმართ. ერდოღანის ხელისუფლება შვედეთისგან ქურთული ორგანიზაციების უფრო მეტ შეზღუდვას ითხოვს, რადგან ამ ორგანიზაციებს თურქეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

თავის მხრივ, შვედეთი აცხადებს, რომ აღებულ ვალდებულებებს ქურთებთან დაკავშირებით ასრულებს.

დღეს პირველად კი ანკარამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობა თურქეთის ევროკავშირში წინსვლის საკითხს დაუკავშირა. თურქეთი დიდი ხანია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, თუმცა პროცესი გაყინულია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთა შორისა დემოკრატიის უკუსვლა და შეუთანხმებლობა ევროკავშირის წევრ კვიპროსთან.

ევროკომისიის სპიკერმა დანა სპინანტმა განაცხადა, რომ „ამ ორი პროცესის დაკავშირება არ შეიძლება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი