ახალი ამბები

პრაიდის ფესტივალის ჩაშლისას პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა – შსს

9 ივლისი, 2023 • 2034
პრაიდის ფესტივალის ჩაშლისას პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა – შსს

8 ივლისს  თბილისში პრაიდის ფესტივალის ჩაშლის დროს პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე განცხადებით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გარდა ამისა როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაც, რაც ქურდობას გულისხმობს.


8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალი, რომელიც დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი,  მათ მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია დასჭირდათ. მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრისა და ინვენტარის განადგურების შემდეგ, ძალადობრივმა ჯგუფებმა ღონისძიებისთვის გამზადებული ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები მოიპარეს და დალიეს, შემდეგ კი ილოცეს. იქვე იყო პოლიცია, რომელსაც სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

პრაიდის ფესტივალის  ორგანიზატორები, რომლებიც  ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია. ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება. დახურულ ღონისძიებაზე კი, ორგანიზატორების თქმით, მათ ასეთი გარანტიები მიიღეს პოლიციისგან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი