ახალი ამბები

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა კანონდამრღვევი“ – აშშ-ს და EU-ს საელჩოები

8 ივლისი, 2023 • 1389
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა კანონდამრღვევი“ – აშშ-ს და EU-ს საელჩოები

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისში პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმიანებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია.

„დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“, – ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს დღეს თბილისი პრაიდის ფესტივალის გაუქმებასთან დაკავშირებით. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.


პრაიდის ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის უნდა გამართულიყო  ჩაიშალა. ორგანიზატორები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება. დახურულ ღონისძიებაზე კი, ორგანიზატორების თქმით, მათ ასეთი გარანტიები მიიღეს პოლიციისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი