ახალი ამბები

საპატრიარქო: დამლაგებლის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან საფუძველს მოკლებულია

7 ივლისი, 2023 •
საპატრიარქო: დამლაგებლის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან საფუძველს მოკლებულია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებლის გარდაცვალების “ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან საფუძველს მოკლებულია”, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს თანამშრომელი გარდაიცვალა, დღეს გაავრცელა ტელეკომპანია რ2-მა.

“რუსთავი 2-სთვის” ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა”, – აცხადებდა ტელეკომპანია.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცნობით კი, “ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა. გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ შედეგებს”.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო მკვლელობის მცდელობის მუხლით, თუმცა გამოძიების მიმდინარეობისას ის შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო”, – აცხადებენ შსს-ში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ოფიციალურად არ მიუმართავთ საგამოძიებო უწყებისთვის და თავად იკვლევდნენ, საიდან შეიძლება გაჩენილიყო მიტროპოლიტ შიოს სისხლში აღნიშნული მეტალები. ჯაღმაიძის განცხადებით, განიხილებოდა საკვების ვერსია, თუმცა საკვები, რომელსაც მიტროპოლიტი მიირთმევს, სავარაუდო მოწამვლასთან კავშირში არ აღმოჩნდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიტროპოლიტ შიოს ანალიზები გააგზავნეს უცხოეთშიც.

მანამდე, 5 ივლისს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქ ილია მეორეს მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი სავარაუდოდ დარიშხანით მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი