ახალი ამბები

სუს-ის უფროსის მოადგილემ არ მიპასუხა, არის თუ არა მშვილდაძეზე თავდამსხმელი მათი თანამშრომელი – წითლიძე

7 ივლისი, 2023 • 1141
სუს-ის უფროსის მოადგილემ არ მიპასუხა, არის თუ არა მშვილდაძეზე თავდამსხმელი მათი თანამშრომელი – წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილემ არ უპასუხა კითხვას, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის სავარაუდო ფიგურანტი გიორგი მუმლაძე არის თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი.

წითლიძემ ეს კითხვა სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსი ბატიაშვილს პარლამენტში, 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაუსვა, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა. ანგარიშის წარდგენა საჯარო იყო, ხოლო კითხვა-პასუხის ნაწილი დახურული.

წითლიძის თქმით, სუს-ის უფროსის მოადგილემ უთხრა, რომ მის კითხვას პასუხს არ გასცემდა.

„არის თუ არა „ფორმულას“ მიერ გაშიფრული გიორგი მუმლაძე, რომელმაც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა, სავარაუდოდ, განახორციელა და დაგეგმა, სუს-ის თანამშრომელი, მითხარით ან კი ან არა. სუს-ის უფროსის მოადგილემ მიპასუხა, რომ ამ კითხვას პასუხს არ გასცემს. არადა, მგონი, გასცა პასუხი ამ პასუხითაც“, – წერს ანი წითლიძე სოციალურ ქსელში.


„ფორმულას“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, გიორგი მუმლაძეა კაცი, რომელიც კადრებში ჩანს და იგი მიჰყვება „დელისიდან“ გამოსულ მიშა მშვილდაძეს, ესწრება თავდასხმის პროცესს და მეწყვილესთან ერთად, ბოლოს ტოვებს ვაჟა-ფშაველას გამზირს.

ტელეკომპანია, წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სუს-ის თანამშრომელია თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთი კაცი, რომელიც კადრებშიც ჩანს, რომ გიორგი მუმლაძესთან ერთად გადაადგილდება. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის თავდასხმაში მონაწილე სამივე მანქანა.

„ფორმულა“ ითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმის მუხლით, რომელიც სუს-ის მიერ იქნა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი