სამართალი

„ფორმულა“: მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია

5 ივლისი, 2023 •
„ფორმულა“: მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია

„ფორმულას“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, გიორგი მუმლაძეა კაცი, რომელიც კადრებში ჩანს და იგი მიჰყვება „დელისიდან“ გამოსულ მიშა მშვილდაძეს, ესწრება თავდასხმის პროცესს და მეწყვილესთან ერთად, ბოლოს ტოვებს ვაჟა-ფშაველას გამზირს.

ტელეკომპანია, წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სუს-ის თანამშრომელია თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთი კაცი, რომელიც კადრებშიც ჩანს, რომ გიორგი მუმლაძესთან ერთად გადაადგილდება. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის თავდასხმაში მონაწილე სამივე მანქანა.

„ფორმულა“ ითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმის მუხლით, რომელიც სუს-ის მიერ იქნა დაგეგმილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ამბობენ, არის თუ არა გიორგი მუმლაძე მათი თანამშრომელი.

„ტელეკომპანიას შეუძლია, გამოძიებას მიაწოდოს ეს ინფორმაცია“, — აცხადებენ სუს-ში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „ფორმულას“ გამოძიების შესახებ ინფორმირებული არიან და ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

27 ივნისს „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც „ფორმულასთან“ მშვილდაძე ამბობს, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.

მშვილდაძის თქმით, თავდამსხმელმა მას უთხრა, „შენ პატრიარქს როგორ აგინებო“.

მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული პოლიციამ 28 ივნისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

თავდასხმიდან მალევე ბრალდებულმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა მისი საჯარო განცხადებებისა და საქმიანობის გამო. მისი ფეისბუკ-სტატუსი მსგავსი იყო ტექსტისა, რომელიც ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელმა თავდასხმის შემდეგ გამოაქვეყნა.

ამ თემაზე:

ცემა და შეურაცხყოფა ქუჩაში — ხელისუფლების ოპონენტები თავდასხმის ქვეშ

მასალების გადაბეჭდვის წესი