ახალი ამბები

„საგამოძიებო უწყებიდან დაგვიკავშირდნენ, მაგრამ თავი შევიკავეთ“ — ჯაღმაიძე მოსაყდრის შესაძლო მოწამვლაზე

7 ივლისი, 2023 • 1027
„საგამოძიებო უწყებიდან დაგვიკავშირდნენ, მაგრამ თავი შევიკავეთ“ — ჯაღმაიძე მოსაყდრის შესაძლო მოწამვლაზე

საპატრიარქოს ჯერ არ მიუმართავს საგამოძიებო უწყებებისთვის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე, განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქოში სურდათ, „ჯერ თავად გარკვეულიყვნენ, რასთან აქვთ საქმე“.

„შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი შემთხვევა. ამიტომაც, ამ პროცესში ვიყავით. რადგანაც მოხდა გახმაურება, შეკითხვებს გავეცით პასუხი. ზოგადად, ნივთიერებები, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის [მოსაწამლად]. [..] ველოდებით [ექსპერტიზის დასკვნებს]“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები უკვე დაუკავშირდნენ საპატრიარქოს, თუმცა მას არ მიუმართავს გამოძიებისთვის, ვინაიდან „რაღაც ნიუანსები აქვს გასარკვევი“.

„დაგვიკავშირდნენ, მაგრამ ჯერ არ გვითხოვია მათთვის… თავი შევიკავეთ, რადგან ჯერ გვაქვს რაღაც ნიუანსები გასარკვევი. რასაც ვფიქრობთ, იმას ვლაპარაკობთ ხმამაღლა. ამის იქით არაფერია საძიებელი. მისი [შიოს] ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, – აღნიშნა მან.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ცნობები პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ. მოგვიანებით დეკანოზმა ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი“. მისივე თქმით, ახლა მომხდარის ვერსიები მხოლოდ ვარაუდებია. თუმცა, აღნიშნა ჯაღმაიძემ, „არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლოა, რომ ვიღაცის ინტერესში იყოს ავადმყოფობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი