ახალი ამბები

მიწათმესაკუთრეებმა, რომლებსაც პროკურატურა თაღლითობაში ადანაშაულებს, აქცია გამართეს

5 ივლისი, 2023 • 2167
მიწათმესაკუთრეებმა, რომლებსაც პროკურატურა თაღლითობაში ადანაშაულებს, აქცია გამართეს

მიწათმესაკუთრეებმა, რომლებსაც პროკურატურა თაღლითობაში ადანაშაულებს, დღეს, 5 ივლისს, პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთები  სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში დაირეგისტრირეს.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზურაბ ბურდული „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ყვება, რომ საუბარია იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც ადამიანები წლების და თაობების განმავლობაში განკარგავდნენ, თუმცა საკუთრებაში არ ჰქონდათ.

ზურაბ ბურდულის თქმით, პრობლემა მასშტაბურია და მხოლოდ მის ადმინისტრაციულ ერთეულში 120-ზე მეტ ოჯახს ეხება. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არახვეთის მკვიდრი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია სახელმწიფომ 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვია:

„ამ პერიოდში შემოდის მერის წარმომადგენელი სოფელში და ეუბნება მოსახლეობას, ამ კანონის გამოყენებით შეგიძლიათ დაირეგისტრიროთ ის ქონება, რომლითაც სარგებლობთ. გლეხი ენდო ამ დაპირებას და გააკეთა ის, რაც უთხრა სახელმწიფოს წარმომადგენელმა.

დაიწყო რეგისტრაცია და დარეგისტრირდა უამრავი უძრავი ქონება, მისცეს ნაკვეთები ძირითადად. შემდგომ არჩევნები რომ დასრულდა, საპრეზიდენტოც და ადგილობრივი, ერთი წლისთავზე აღმოაჩინა სახელმწიფომ, თითქოს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების 90% არის თაღლითური გზით დარეგისტრირებული“, — გვიყვება ზურაბ ბურდული.

მისი თქმით, აღნიშნულის შემდგომ დაიწყო ადამიანების საგამოძიებო ორგანოში დაბარება, სადაც მათზე ზეწოლა და დაშინება ხდებოდა. ბურდული აცხადებს, რომ მოქალაქეებს აღიარებით ჩვენებებს აწერინებდნენ და თუკი დათმობდა სადავო მიწის ნაკვეთს, საპროცესო შეთანხმებას უფორმებდნენ, ვისაც გაყიდული ჰქონდა, თანხის დაბრუნებას სთხოვდნენ:

„ნაწილმა დააბრუნა ქონება, ნაწილმა ფული დააბრუნა და ეს უკვე გახდა ძალიან მასობრივი. ერთ-ერთმა მოქალაქემ უარი განაცხადა თანამშრომლობასა და თაღლითობის აღიარებაზე. სახელმწიფო ამ ადამიანის სახლში შევარდა, ამოიღო ფული, ოქროულობა, დაუყადაღეს ანგარიშები, ხელფასები, უძრავ-მოძრავი ქონება. ასეთი ფორმები რომ მიიღო, მერე უკვე გადავწყვიტეთ, დიდველში გაგვეკეთებინა აქცია. ჩვენ სახელმწიფო გვედავება მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებს და პრემიერი სიმბოლურ ფასად საკუთარ მეუღლეს ჩუქნის 5 ათას კვადრატულ მეტრ ტყეს“, — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ძირითადად საუბარია ისეთ ადგილებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა ფინანსური ინტერესი არსებობდეს. მათ შორის, სიონში, ფასანაურისა და გუდაურის მიმდებარე სოფლებში.

ზურაბ ბურდულის თქმით, დღევანდელი აქცია საინფორმაციო ხასიათის იყო, რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, აქციის მონაწილის თქმით, მათი მოთხოვნა აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაა და თუკი ვინმემ მართლაც ჩაიდინა დანაშაული, ამის გამოსარკვევად ალტერნატიული მეთოდების, მაგალითად, სპეციალური კომისიის შექმნაა:

„თუ რამე უკანონობა მოხდა, შექმნას სახელმწიფომ სპეციალური კომისია და გამოიძიონ, მაგრამ ხომ არ შეიძლება სოფელში ცხოვრობდეს 70 კაცი და 50 იყოს დამნაშავე? ესე იგი სახელმწიფოს მოუვიდა რაღაცა დანაშაული. ვითხოვთ, რომ შეწყვიტოს სახელმწიფომ ეს საგამოძიებო მოქმედებები და რაღაცა სხვა პრინციპი აირჩიონ იმის შესასწავლად, ვინ კანონიერად დაირეგისტრირა და ვინ უკანონოდ.

თუ ვინმეს უკანონოდ აქვს დარეგისტრირებული, ლომის წილი აქვს ამაში სახელმწიფოს, სახელმწიფომ შეუწყო ხელი მას, ჩაედინა დანაშაული, რადგან არ გამოიკვლია, რამდენად იყო ის კონკრეტული მიწის ნაკვეთი ამ ადამიანის განკარგვაში. მარეგისტრირებელი მოქალაქე ხომ არაა, საჯარო რეესტრია. შესაბამისად, საჯარო რეესტრმა უნდა აგოს პასუხი. თუკი მოქალაქე შეგნებულად მოქმედებდა და ატყუებდა საჯარო რეესტრს, კი ბატონო, დაისაჯოს მოქალაქეც“, — აცხადებს აქციის მონაწილე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ამავე თემაზე წაიკითხეთ სტატია ჩვენი არქივიდან: „მამაპაპისეული მიწის რეგისტრაციისთვის გვიჭერენ“ – 6 ოჯახი კურორტ საირმეს მეზობლად

მასალების გადაბეჭდვის წესი