ახალი ამბები

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში თბილისიც ჩაერთვება — კალაძე

14 ივნისი, 2023 • 1068
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში თბილისიც ჩაერთვება — კალაძე

თბილისის ტერიტორიაზე შერჩეულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 14 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უამრავი ადამიანი, ოჯახია, რომელიც ვერ ახერხებს მიწის რეგისტრაციას სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ამ პროგრამაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქი არ იყო ჩართული. შესაბამისად, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც მოგვცემს შესაძლებელობას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.

დღეის მდგომარეობით, თბილისის ტერიტორიაზე არსებობს არაერთი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო ვერ რეგისტრირდება ვერც მუნიციპალიტეტის და ვერც სხვა დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება. ვინაიდან საჯარო რეესტრი წარმოადგენს ამ მიმართულებით უფლებამოსილ და კომპეტენტურ ორგანოს, პროექტს განახორციელებს საჯარო რეესტრი, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის აღნიშნული პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდება სრულიად უფასოდ“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, შერჩეულ არეალებში, 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების სტატუსის მქონე მოქალაქეების საკუთრების უფლება დარეგისტრირდება.

ამასთან, კალაძის განცხადებით, იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც განხორციელდება.

კალაძემ ასევე ჩამოთვალა ის ადგილები, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე შერჩეულია რამდენიმე პრობლემური ლოკაცია, როგორიცაა დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა.

მისივე ინფორმაციით, პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი