ახალი ამბები

კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტში სხდომა ვერ ჩატარდა

5 ივლისი, 2023 •
კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტში სხდომა ვერ ჩატარდა

კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.

სხდომაზე დღესაც თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სხდომათა  დარბაზში უმრავლესობიდან კვორუმისთვის საჭირო  76 დეპუტატი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში იმყოფებოდნენ ოპოზიციის დეპუტატები, მათ რეგისტრაცია არ გაიარეს, შესაბამისად, კვორუმიც ვერ შედგა. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილს თავდაცვის კოდექსის პროექტის შემოთავაზებულ ვერსიასთან შენიშვნები აქვს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა მიმდინარე ზაფხულს გაგრძელდება მაშინ, როცა კვორუმისთვის საჭირო რაოდენობის უმრავლესობის დეპუტატები შეიკრიბებიან. მდინარაძემ ოპოზიციას მიმართა, რომ მათ ამ ზაფხულს „შვებულება არ ექნებათ“.

„ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში არ არის იმდენი დეპუტატი, რომ მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას დღეს კვორუმი, ფრანკოფონიის ღონისძიებაზეც არიან ჩვენი კოლები. შესაბამისად, ბუნებრივია, მცდელობასაც ვერ შევძლებთ, რომ დღეს მარტო უმრავლესობით შევკრათ კვორუმი. თავის დროზე ჩვენი კოლეგები ამას ეძახდნენ საბოტაჟს და კარგია, დაფიქსირდა, რომ ეს ყოფილა საპარლამენტო ინსტრუმენტი და გამოიყენეს.

როცა ჩვენი კოლეგები ჩამოვლენ საქართველოში და ფრანკოფონიის ღონისძიებებიც მორჩება, ეს იქნება აგვისტოს რიცხვები თუ ივლისის ბოლო რიცხვები, მობრძანდებით და იმუშავებთ. ეს გაუკეთეთ ახლა საკუთარ თავს, რომ იხვეწებოდით ხოლმე შვებულებებს, შვებულება არ გექნებათ. როცა შევიკრიბებით, მაშინ მობრძანდებით და იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა“, – მიმართა მდინარაძემ ოპოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი