ახალი ამბები

საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული — კობახიძე კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმიღებაზე

4 ივლისი, 2023 • 1199
საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული — კობახიძე კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმიღებაზე

“მმართველი პარტიის” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, საზოგადოებისთვის ამ ფაქტის ახსნა რთული იქნება. აღნიშნულის შესახებ მან დღეს, 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“დავუშვათ და ვერ მივიღეთ ეს სტატუსი… როგორ უნდა აუხსნათ ეს საზოგადოებას და როგორ უნდა გაიგოს ეს ხალხმა, არმიღების შემთხვევაში?” — ჰკითხა კობახიძეს ჟურნალისტმა, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა:

“პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ოპტიმიზმს. იმედია, დეკემბერში სხვანაირი გადაწყვეტილება იქნება. თეორიულად თუ დავუშვებთ ასეთ განვითარებას, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული.

საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებული იყო შარშან ივნისშიც და, ბუნებრივია, დეკემბერშიც რომ მოხდეს იგივე, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს საზოგადოების იმედგაცრუებას.

ბუნებრივია, ჩვენ დაგვჭირდება ყველა დეტალის განხილვა, რომელიც ასეთ შესაძლო გადაწყვეტილებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. პოლიტიკური რისკები არსებობს. ბუნებრივია, დღეს ვერიდებით ამ რისკებზე საუბარს. სამომავლოდ, ღმერთმა არ ქნას, თუ იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა.

მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და საქართველოსთვის დადებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული”.

დღეს, 4 ივლისს გამართლ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაცია სრულად შეასრულა და ოპოზიცია დაადანაშაულა გარკვეული პუნქტების არშესრულებაში, მათ შორის, პოლარიზაციასთან დაკავშირებით.


2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, სამივე ქვეყანას განესაზღვრა პირობები შესასრულებლად. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს.

პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

22 ივნისს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველომ სრულად მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა.

ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი