ახალი ამბები

პარლამენტმა ცესკოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

3 ივლისი, 2023 • 766
პარლამენტმა ცესკოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ცესკოს შესახებ კანონზე  პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია.

კენჭისყრა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს, 3 ივლისს გაიმართა. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი  მხოლოდ 22-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონის პირველ ვერსიას კი მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა, როგორც კენჭისყრის შემდეგ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში უმრავლესობის 72 დეპუტატი იმყოფებოდა და ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ სხდომათა დარბაზში მყოფი დეპუტატები გადაეთვალათ.

„მგონი, იქეთ[უმრავლესობაში] არ არის 76 ხმა და თუ შეიძლება გადათვალეთ“, – მიმართა რაქვიაშვილმა შალვა პაპუაშვილს.

რასაც „ქართული ოცნებიდან“ გასული, მაგრამ უმრავლესობაში დარჩენილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების რეპლიკა მოჰყვა, რომ კანონის მხარდამჭერებში ისინიც უნდა მიეთვალათ.

„თქვენ[„ხალხის ძალა“] ჩაგთვალეთ, ნუ ნერვიულობთ, არასდროს არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ხართ, მაგრამ გთხოვთ, რომ გადათვალოთ 76 ადამიანი დარბაზში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილს პარლამენტის თავმდჯომარემ უპასუხა, რომ თუ დათვლა უნდოდა, თავად  დაეთვალა.

„მე გადავთვალე და 72-ია“, – უპასუხა რაქვიაშვლმა.

რაც შეეხება კანონს,  ცლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კი „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ისევ გიორგი კალანდარიშვილი იკავებს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით, ცესკოს 7 წევრს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შემთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ის აქამდე უკვე შეცვალა, ახლა კი მმართველი პარტია ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხავასაც უშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი