ახალი ამბები

გენდერული საბჭო ძალადობის 13 წლის მსხვერპლზე პრობლემურ განცხადებას ავრცელებს

30 ივნისი, 2023 • 1213
გენდერული საბჭო ძალადობის 13 წლის მსხვერპლზე პრობლემურ განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში 13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით პრობლემურ განცხადებას ავრცელებს და მოზარდის მშობელს აკრიტიკებს პოლიციისთვის მიუმართაობის გამო.

თუმცა, მეორე მხრივ, საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მშობელს [დედა] შვილისთვის აბორტის გასაკეთებლად წაყვანის გამოც აკრიტიკებენ:

„საზარელია 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაული, რომელზეც 50 წლამდე კაცი დააკავეს. კიდევ უფრო დამამძიმებელია ის ფაქტი, რომ ბავშვი ფეხმძიმედაა, ხოლო მშობელმა ეს ამბავი არათუ სამართალდამცავებს შეატყობინა, არამედ, აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა“, — წერია განცხადებაში.

მეორე მხრივ, საბჭო ხაზს უსვამს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს შემზარავი შემთხვევა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად წარიმართოს და მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, დამნაშავე დაისაჯოს კანონის შესაბამისად, უმკაცრესად:

„ეს ყოვლად ამორალური და სასტიკი დანაშაული კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არ ცნობს ასაკობრივ, კლასობრივ თუ ნათესაურ საზღვრებს. სწორედ ამიტომ, საზოგადოების თითოეული წევრის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა ვამხილოთ მოძალადე და დავიცვათ ქალები და გოგოები იმ სასტიკი დანაშაულებისგან, რისი მხილველიც დღეს ზუგდიდში გავხდით.

კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადებთ, რომ შეუწყალებლად ვიბრძოლებთ არასრულწლოვანი გოგოების მიმართ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ მშობლებს, პედაგოგებს, ექიმებს და უბრალოდ, ირგვლივ მყოფებს, ვისაც მცირედი ინფორმაცია აქვს ბავშვების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ – არ დამალონ და სამართალდამცავ სტრუქტურებს შეატყობინონ აღნიშნულის თაობაზე, რათა თავიდან ავიცილოთ დამდგარი საზარელი და შემაშფოთებელი შედეგები“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების გამო საბჭოს აკრიტიკებენ დეპუტატები. ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია აცხადებენ, რომ საბჭოს ყველა წევრთან განცხადების ტექსტი შეთანხმებული არ ყოფილა. ეს ოპოზიციონერი დეპუტატები ამავე საბჭოს წევრები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი