ახალი ამბები

ენმ-ის ამოცანა იყო ფსევდოსინგაპურიზაცია, სინგაპური საოცარი ქვეყანაა — ღარიბაშვილი

30 ივნისი, 2023 • 791
ენმ-ის ამოცანა იყო ფსევდოსინგაპურიზაცია, სინგაპური საოცარი ქვეყანაა — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების ამოცანა ქვეყნის სინგაპურიზაცია იყო და არა — ევროპეიზაცია. შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ სინგაპური „საოცარი ქვეყანაა“ და ენმ ფსევდოსინგაპურიზაციის პოლიტიკას ატარებდა.

„ამ ხელმოცარული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ევროპული დღის წესრიგი, რომლისთვისაც მათ საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყო ასოცირებაზე მუშაობა, უვიზო რეჟიმზე, სამი წლის დაგვიანებით რატომ დაიწყეს ეს პროცესი, ჰკითხეთ… ეს იყო ბოიკოტი.

ღიად გამოვიდა მათი ბელადი და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიმართულება უნდა ყოფილიყო სინგაპურიზაცია, არა ევროპეიზაცია, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ მთავარ დღის წესრიგად. მათი ამოცანა იყო სინგაპურიზაცია. რა თქმა უნდა, არა ამის კლასიკური გაგებით, არამედ დამახინჯებული, ფსევდოსინგაპურიზაცია იმიტომ, რომ სინგაპური მართლაც საოცარი ქვეყანაა“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

სინგაპურიზაცია ეწოდება სწრაფი ეკონომიკური განვითარების მოდელს, რომელიც ენმ-ის ხელისუფლებამ სამაგალითოდ გამოაცხადა. 2010 წელს ბათუმში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონი შვეიცარია გახდებოდა სინგაპურის ელემენტებით, სინგაპურივით სწრაფი მოდერნიზაცია გამოიყვანს საქართველოს ეკონომიკას მდგომარეობიდან. ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად, სინგაპური რჩებოდა პრობლემურ ქვეყნად დემოკრატიის კუთხით.

პარლამენტში გამოსვლისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, და ვიზალიბერალიზაცია, ევროპულ პერსპექტივაზე კი წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც შეუძლებელი იყო.

რეალურად კი, როგორც ასოცირების შეთანხმების, ისე ვიზალიბერალიზაციის ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ” მემკვიდრეობით მიიღო — ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, მოლაპარაკებები 2010-2013 წლებში მიმდინარეობდა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში ტექსტის უდიდესი ნაწილი შეთანხმებული იყო; უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგი 2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა, სამოქმედო გეგმა კი „ქართული ოცნების” მმართველობის დროს შესრულდა.

„ქართული ოცნება“ ხელისფულებაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი