ძალიან დაინტერესებული ვარ იმ არჩევნებით, რომელიც ახლა უნდა გაიმართოს თქვენთან. ეს იქნება საქართველოს არჩევანი. ჩემს ბოლო მოხსენებაში სწორედ ამაზეა საუბარი.
ყველაფერი, რაც არჩევნების უკან დგას, ბევრად უფრო საინტერესოა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს არჩევანი, არჩევნის გაკეთების საშუალება და შესაძლებლობები.
საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ, საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, დაიწყეს სახელმწიფოს მშენებლობა – ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ჩვენ ამას ვხედავთ. თუმცა ფუნდამენტი, რაზეც ეს სახელმწიფოებრიობა იქმნება, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შენდება მასზე. თუ საქართველო გადასინჯავს ურთიერთობებს რუსეთთან და ვაშინგტონთან, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
ძველი საქართველო
მე შევადგინე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამკუთხედი. ამ სამკუთხედში ყველა იდეა დადებითია. ერთი სამკუთხედს მე ვუწოდებ ძველ საქართველოს – ეს არის მისი კონსერვატიზმი, ტრადიციები, ეკლესია, ოჯახური ფასეულობები, სამშობლო, პატრიოტიზმი. ეს არის საქართველოს მიერ შენარჩუნებული ეროვნული ტრადიციები, ხასიათი, ის ნაწილი, რაც დასავლეთ ევროპაში უმეტესად დაკარგულია. ასევე ურთიერთობები, რაც ქართულ ოჯახშია – მე ვფიქრობ, რომ ეს ფენომენი საქართველოში ძლიერია.
თუმცა კონსერვატიზმის გამოვლინებაა თუნდაც თურქული ბიზნესი და ფული, რომელიც ტრიალებს ქალაქში, გახსნილი საზღვრების გამო ეს არც თუ ისე სასიამოვნოა ხალხისათვის, რასაც ვაკვირდებით, ადამიანებს კმაყოფილებას მაინცდამაინც ვერ ვამჩნევთ.
წარმოიდგინეთ სამკუთხედის ზედა წვერი, ეს არის ის, რაზეც ვილაპარაკე – ანუ ძველი საქართველო.
“სინგაპურიზაცია”
ეკონომიკური მოდელის მეორე ნაწილია სინგაპური, მაგრამ „სინგაპურიზაცია“.
როცა კახა ბენდუქიძე მოვიდა მინისტრად, მან განცხადა, რომ ყველაფერს გაყიდდნენ სინდისის გარდა და ჩემი მოდელის შექმნა ამითაა განპირობებული. ამ მაღალსართულიანი ცათამბჯენებით, რაც შენდება და კეთდება საქართველოში, სწორედ დუბაისთან დამსგავსებისკენ აღებულ გეზს ვხედავ. სინგაპური პატარა ქვეყანაა, ესაა ქალაქი– სახელმწიფო, რომელიც განაშენიანებულია მცირე ტერიტორიაზე, მწირი რესურსებით. თუმცა ამ ორ ქვეყანას შორის აშკარა განსხვავებებიც არსებობს.
2010 წელს ბათუმში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის შვეიცარია გახდებოდა სინგაპურის ელემენტებით, რომ სინგაპურივით სწრაფი მოდერნიზაცია გამოიყვანს საქართველოს ეკონომიკას მდგომარეობიდან. სინგაპური რამდენიმე წლის წინ იყო ღატაკი და განუვითარებელი ქვეყანა ძალიან სუსტი ეკონომიკით. ეს მოდელი არის მიუღებელი საქართველოსთვის, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ სინგაპური არის აზიური ქვეყანა, რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთი და იგივე პარტია მართავს. სინგაპურს დიდი სახელმწიფო სამსახური აქვს, ეკონომიკის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაა, მაგრამ ეს მაინც არაა ის ქვეყანა, საიდანაც საქართველო მაგალითს აიღებს. გარდა ამისა, სინგაპურელები ძალიან შრომისმოყვარენი არიან. წარმოუდგენელია, რომ დილით 7 საათზე ქართველები სამუშაო მაგიდებს მიუსხდნენ და მუშაობა დაიწყონ, როგორც ეს სინგაპურში ხდება. აქ არის მეორე პრობლემაც: აბსოლუტურად გაუთვალისწინებელია ის, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა, სადაც 50% მოსახლეობისა მიწაზე მუშაობს.
არ მესმის ახალი ქალაქის ლაზიკას მნიშვნელობა, იმ ფონზე, როცა საქართველოში ცარიელდება სოფლები. არ ვიცი, ალბათ, ყველას გადაყვანა სურთ ლაზიკაში. ჩემი აზრით, სინგაპურის პროექტი გადახედვას საჭიროებს.
კერძოდ, რა არის მიუღებელი სინგაპურიზაციაში: ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ იმპორტის მოცულობა მეტია ექსპორტთან შეფარდებით. საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება, რომ თავად აწარმოოს რაიმე. ჩემი აზრით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, თუ ექსპორტზე გაიტანს ძირითადად პროდუქტს, ამჟამად კი ექსპორტი არის მანქანების გადაყიდვა აზერბაიჯანში. საქართველო ასევე ჯართის ექსპორტით იყო დაკავებული, აგროწარმოება კი უკან წავიდა. მიწის გადამუშავება ფაქტობრივად აღარ ხდებოდა, ამ სფეროში ეკონომიკა არ განვითარებულა. ეს არის ჩემი სამკუთხედის მეორე ნაწილი, რომელსაც მე „სინგაპურიზაციას“ ვუწოდებ.
სამკუთხედის მესამე კუთხე – ევროპა
ესაა ხანგრძლივი პროცესი. მე ეკონომიკური განვითარებისთვის ევროპეიზაცია საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნია. ევროპული პოლიტიკის განხორციელება საქართველოსთვის არა მარტო დეცენტრალიზაციას ნიშნავს, არამედ პოლიტიკის გაძლიერებას, ამიტომ მიმაჩნია მისაღებ მოდელად. განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, ჩვენ ამ მოდელს ვხედავთ თურქეთში, ევროპეიზაციის მოდელი იქ უკვე შექმნილია.
თურქეთის ეკონომიკური განვითარება ბოლო 10-15 წლის განმავლობაში იმან განსაზღვრა, რომ ქვეყანა ავითარებს მცირე და საშუალო ბიზნესს. ის, რასაც თურქეთი აწარმოებდა, იყო არა მარტო ავეჯი, არამედ აწარმოებდა ტანსაცმელს, ქსოვილს. თურქეთს შეიძლება ვუწოდოთ მუსლიმური ქვეყანა, რომელსაც ბიზნესის კეთების გერმანული სტილი აქვს. თუ საქართველო ევროპულ კურსს მიუახლოვდება, უზარმაზარი ბაზარი ელოდება საზღვრის გადაღმა. რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობას ევროსაბჭოსთან ტოლერანტობისა და დემოკრატიის კუთხით – ესაა ჩემი სამკუთხედის ერთ-ერთი კუთხე, ევროპეიზაცია.
ახლა იმის შესახებ, თუ რა კავშირი აქვს ამ სამკუთხედს მომავალ არჩევნებთან და იმასთან, რა არჩევანს გააკეთებს საქართველო. ჩემი აზრით, ორივე პოლიტიკური ფიგურა ამ სამკუთხედის შუაში დგას. ორივე მათგანი სცემს პატივს საქართველოს ტრადიციებს, მართლმადიდებლურ ეკლესიას. სააკაშვილი დინამიკური ლიდერია, რაც ფერებზეც კი ეტყობა. ივანიშვილი არის ბიზნესმენი, ის დგას არაერთი კომპანიის სათავეში, სადაც გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ორივე მათგანს ლიდერობის და მართვის პატრიარქალური ფორმა აქვს. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროგრამას, ჰარმონიზაცია რთული პროცესია, მაგრამ საქართველოს ჯერ არ მოეთხოვება, რომ მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა, რაც ათასობით გვერდია და რაც აუცილებელი მოთხოვნაა ევროკავშირის სრული წევრობისთვის. ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. ოფიციალურ მოლაპარაკებებს ორ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდება, შემდეგ კი დადგება გარდამავალი ეტაპი შეთანხმების სრულ განხორციელებამდე, ასე რომ, ინტეგრაციის პროცესი შეიძლება კიდევ ათი წელიწადს გაგრძელდეს. ბრიუსელმა 2008 წელს დაიწყო მოლაპარაკება უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველ შეთანხმების თაობაზე, მაგრამ ეს პროცესი ნელა მიდის წინ, განსაკუთრებით კი 2010 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც კიევში ხელისუფლება შეიცვალა.
ამ დროისთვის ინტეგრაციაზე საუბარი მაინც დეკორაციად მეჩვენება და არა რეალობად. ევროპისკენ სწრაფვა და ევროპისკენ აღებული კურსი კარგია, საქართველო დგამს ნაბიჯებს ევროპისკენ, ანუ დაიწყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, ევროკავშირში ინტეგრაციისათვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, საქართველოს ფუნდამენტური სვლა ევროპისკენ.
ამას წინათ ვეწვიე მოლდოვას და ვნახე, რომ ამ ქვეყანამ შეძლო და ევროპული სული გააღვივა. ევროპიზაციისკენ სვლა გაცილებით მეტად იგრძნობა მოლდოვაში, რასაც რუმინეთთან მისი მეზობლობაც განაპირობებს. ამ სწრაფვას ჯერ ვერ ვგრძნობ საქართველოში, ეს სამწუხაროა ჩემთვის.
რაც შეეხება ინვესტიციებს, რომელიც მომდინარეობდა რუსეთიდან, ყაზახეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა, თურქეთიდანაც – ეს სახეზეა, მაგრამ მსხვილ დასავლურ კომპანიებს ჯერ ვერ ვამჩნევთ, რომ ინვესტიციებს აბანდებდნენ საქართველოში. ჩემი აზრით, რაც აკლია ამ არჩევნებს, ეს არის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითრების მოდელი. არჩევანის გაკეთების მოტივი საქართველოსთვის, აი, აქ დევს.
ჩვენ ვისმენთ პროგრამებს და განცხადებებს, რომელსაც ორივე პარტია აკეთებს, ორივე მხარე ძლიერი კონკურენტია და ცდილობს მეტი თანხები დაახარჯოს მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში. ვფიქრობ, რომ ეს მაინც რეალური კონკურენციაა.
მე გარკვეული დრო დავყავი სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც რეალური კონკურენცია ნამდვილად არ არის.
საქართველოსთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, აქ პოლიტიკური სივრცე არსებობს, მაგრამ ეს ქვეყანა ისეთი პრობლემების წინაშე დგას, როგორიცაა უმუშევრობა და ეკონომიკური ჩამორჩენა, არა აქვს ქართული ეროვნული პროდუქტის ექსპორტი.
ვიმედოვნებ, რომ ქართული საზოგადოება მიაღწევს იმას, რომ განვითარდება და დროთა განმავლობაში წინ წავა. ასევე ვიმედოვნებ, რომ საკმაო სივრცე იქნება ყველასთვის, ბიზნესმენებისთვის, რომ მათ იგრძნონ თავისუფლება და შიშის გარეშე აკეთონ აქ ბიზნესი. რასაკვირველია, ამ ქვეყანას მეტი დემოკრატია სჭირდება. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც დღეს მინდოდა თქვენთან მესაუბრა.