ახალი ამბები

მიშელი: მივესალმებით საქართველოში ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს

29 ივნისი, 2023 • 901
მიშელი: მივესალმებით საქართველოში ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოში ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს. ამავდროულად, ამბობს, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ ნაბიჯებს საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, მაგრამ ვნახოთ, როგორი იქნება [ევროკომისიის] შეფასება ზაფხულის შემდეგ“, — განაცხადა შარლ მიშელმა მედიასთან დღეს, 29 ივნისს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ესწრება.

მისი თქმით, ევროპული საბჭო, სავარაუდოდ, დეკემბერში, კომისიის დასკვნის საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას.

ევროკომისია მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში.

ევროკომისიის რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს სამიტზე მიიღებს გადაწყვეტილებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე და ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე თავად დააყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი