ახალი ამბები

შეგვატყობინეთ, როცა ხაბეიშვილი შემოვა პარლამენტში, უკეთესად რომ მოვემზადოთ – ბერაია პაპუაშვილს

28 ივნისი, 2023 • 1136
შეგვატყობინეთ, როცა ხაბეიშვილი შემოვა პარლამენტში, უკეთესად რომ მოვემზადოთ – ბერაია პაპუაშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალიდან“ დაჩი ბერაია პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ლევან ხაბეიშვილის მისვლა შეატყობინონ, რათა „პრევენციული ღონისძიებები გაატარონ“.

დაჩი ბერაია ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რუსული პარტიაა, რომელიც „პოლიტიკურ მოუსავლეთში“ უნდა გაისტუმრონ, თუნდაც „მათთვის ხელებზე თითების მომტვრევა დასჭირდეთ“.

„ბატონო თავმჯდომარე, მინდა თხოვნით მოგმართოთ. ჩვენი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილი ხელების დამტვრევით დაგვემუქრა. ჯერ ერთი, თან ძალადობას გმობს და თან ხელების დამტვრევით რომ გვემუქრება, ეს როგორ ჯდება ერთმანეთთან, არ ვიცი. ამ დამუქრების შემდეგ ჯერ არ გამოჩენილა და ჩემი თხოვნა იქნება, იქნებ შეგვატყობინოთ, როცა ხაბეიშვილი შემოვა პარლამენტის შენობაში, ჩვენ რომ უკეთესად მოვემზადოთ, პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ, ხელებს გავუფრთხილდეთ და არ დავამტვრევინოთ მას“, – მიმართა დაჩი ბერაიამ შალვა პაპუაშვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გამოეხმაურა უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლების ოპონენტებსა და სხვა კრიტიკოსებზე გახშირებულ თავდასხმებს და ხალხს მიმართა, რომ სანამ „ქართულ ოცნებას“ „პოლიტიკურად მძიმედ ცხვირ-პირში არ მოხვდება“, ყველას მიუვარდებიან სახლში.

„ასე ჰგონიათ, რომ დაგვაშინებენ და ასე ფიქრობენ, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებიაო, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების, უკაცრავად და, ერთი ადგილი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს, ისინი არიან მარტო, რამდენიმე ათეული, და ცდილობენ შექმნან, რომ თითქოს საზოგადოება არის გაყოფილი ორად. საქართველო არ არის გაყოფილი ორად, საქართველო არის ერთი, საქართველოს მოსახლეობას სურს ევროინტეგრაცია, ეს არის 90 პროცენტი და საქართველოს მოქალაქეს, ცხადია, არ უნდა ოკუპანტი პუტინისტის ფეხქვეშ გართხმული სახელმწიფო და თუ ვინმეს სურს მოაჩვენოს, რომ საზოგადოება არის გაყოფილი ორ ნაწილად, ეს არის რუსული პარტია, რომელიც ერთად, ერთობით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, თუნდაც მათთვის ხელებზე თითების მომტვრევა დაგვჭირდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ხელისუფლების ოპონენტებსა და სხვა კრიტიკოსებზე თავდასხმები . უკანასკნელ 24 საათში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ თანადამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს და ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს.

მანამდე სცემეს „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ფაჯარიძე. თავდასხმაზე ისაუბრა მეცნიერმა ლევან ბერძენიშვილმაც. ბერძენიშვილზე თავდასხმა კობახიძემ დაუკავშირა მეცნიერის მიერ საზოგადოებაში „შუღლის გაღვივებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი