ახალი ამბები

„პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ საკუთარ თავზე გვარამიას შეფასებას იზიარებს“ — კობახიძე

24 ივნისი, 2023 • 2338
„პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ საკუთარ თავზე გვარამიას შეფასებას იზიარებს“ — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 ივნისს, შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტი.

მისი აზრით, პრეზიდენტი „გარე კარნახით“ მოქმედებს და არ იზიარებს ქართველი ამომრჩევლის განწყობებს.

„ჩვენ გვქონდა იმედი, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს გვარამიას შეფასება. ამით დასტურდება ერთი რამ: ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამით დასტურდება, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავება სურთ, ეს სამწუხაროა“, — თქვა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.

ნიკა გვარამია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილს ხშირად მოიხსენიებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი, უცენზურო სიტყვით. შეწყალების შემდეგ, ციხიდან გამოსვლისას, გვარამიამ პირველივე განცხადებაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოდიში მოუხადა შეურაცხყოფისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი