“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ციხიდან გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს უხდის ადრე ჩაწერილი ვიდეოების გამო, სადაც ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და “რუსეთის რეზიდენტს” უწოდებს.
ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 23 ივნისს, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა:
“მინდა გამოვეხმაურო, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას ნამდვილად მატებს.
მე არ ვაპირებ, რომ გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში მის წინააღმდეგ გამოიყენებენ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა.
ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო. თუმცა არ შემიძლია, აქვე არ ვთქვა, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, და მან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. უფრო სწორად, მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი”, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში ვერ იქნება სიმშვიდე და ვერ მოხდება დეპოლარიზაცია, როდესაც ადამიანი, რომელიც 500 ათასი მოქალაქისთვის სახელმწიფოებრიობასთან არის ასოცირებული, არის მძევალი.
რაც შეეხება მის მოლოდინებს საკუთარ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, გვარამიამ აღნიშნა, რომ არ ელოდა პრეზიდენტის შეწყალებას და გათავისუფლებისთვის მზად არ იყო.
მან ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ “მთავარ არხს” აღარ უხელმძღვანელებს.
გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა დღეს, 22 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდადებულის შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ამასთან დაკავშირებით დამატებით ახსნა-განმარტებას არ გააკეთებს.
მანამდე, 19 ივნისს ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.
მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.
2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.