ახალი ამბები

ახლა სააკაშვილის განთავისუფლების ჯერია — ბეჟაშვილი

23 ივნისი, 2023 • 763
ახლა სააკაშვილის განთავისუფლების ჯერია — ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება იყო მოულოდნელი, თუმცა- ლოგიკური.

„ერთადერთი სწორი, სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა, უნდა მოვუწონო მას ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარი ნაბიჯებით, ნახევარი ღონისძიებებით არ შემოვიფარგლოთ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ასევე პრეზიდენტმა მიიღოს კონსტიტუციური გადაწყვეტილებები და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერი არის, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პოლიტპატიმარი და ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებდა საქართველოს ევროკავშირთან.

„ქართული ოცნების“ პირობებში, ის მუქარები, რომლებსაც ახორციელებდნენ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ნამდვილად ხელშესახები შეიძლება გახდეს, ისინი არ მოერიდებიან არაფერს, მაგრამ ნამდვილად, დღევანდელი გადაწყვეტილებით და შემდეგი გადაწყვეტილებებით პრეზიდენტი მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას და საზოგადოების დაცვის გარანტიებსაც“, — აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. მისი კომენტარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. გვარამიამ საპატიმრო უკვე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი