ახალი ამბები

ნიკა გვარამიას თქმით, “მთავარ არხს” აღარ უხელმძღვანელებს

23 ივნისი, 2023 • 4730
ნიკა გვარამიას თქმით, “მთავარ არხს” აღარ უხელმძღვანელებს

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ის აღარ უხელმძღვანელებს ამ ტელეკომპანიას და ამ პოზიციაზე დარჩება ამჟამინდელი დირექტორი, გიორგი გაბუნია. ამის შესახებ მან დღეს, 23 ივნისს, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ის ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართავს.

“მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იქნება “მთავარი არხის” იმ სირთულეებიდან გამოყვანა, რომელშიც იმყოფება. თუმცა მე არ ვაპირებ, რომ “მთავარ არხს” ვუხელმძღვანელო, მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ.

“მთავარი არხი” გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს. ვიტყოდი უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში, ამიტომ გავაკეთებ იმას “მთავარი არხისთვის”, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს. არც მთავარ არხზე, არც სხვაგან.  ეს პირველ რიგში ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან”, — განაცხადა გავრამიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას, გვარამიას თქმით, ამ მხრივ არავითარი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა დღეს, 22 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდადებულის შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ამასთან დაკავშირებით დამატებით ახსნა-განმარტებას არ გააკეთებს.

მანამდე, 19 ივნისს ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.


ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი