ახალი ამბები

დამძიმდა უღირსი ტვირთი, რომელიც საკმაოდ რისკიანად მოიკიდა ზურაბიშვილმა — ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე

22 ივნისი, 2023 • 2240
დამძიმდა უღირსი ტვირთი, რომელიც საკმაოდ რისკიანად მოიკიდა ზურაბიშვილმა — ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი უარყოფითად აფასებს “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას და ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ამით “დამძიმდა მისი უღირსი ტვირთი”.

ვოლსკიმ ამის შესახებ დღეს, 22 ივნისს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა:

“დამძიმდა ის უღირსი ტვირთი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ რისკიანად მოიკიდა სალომე ზურაბიშვილმა და ასეთი არაობიექტურობის, უსამართლობის, არასწორი შეფასებების კორიანტელი დააყენა, როდესაც ლაპარაკობდა რუსულ ორბიტაზე გასულ ქართულ ხელისუფლებასთან დაკავშირებით…

მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილებაც საკმაოდ მძიმედ აისახება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე. ზოგადად, საზოგადოებას ეს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ განცდა ამ შესაძლო კონსპირაციის, რომ თითქოს შუალედურ შეფასებაში ეწერა, რომ მედიაგარემოა მძიმე, ერთადერთი უარყოფითი შეფასება ეს იყო და მეორე ან იმავე დღეს, უცებ ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუხსნელად, უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში”, — განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა.

გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა დღეს, 22 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდადებულის შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ამასთან დაკავშირებით დამატებით ახსნა-განმარტებას არ გააკეთებს.

მანამდე, 19 ივნისს ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.


ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი