ახალი ამბები

პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო — ლექსმანი გვარამიას შეწყალებაზე

22 ივნისი, 2023 • 561
პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო — ლექსმანი გვარამიას შეწყალებაზე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას და ამბობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა:

“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამოასწორა უსამართლობა ნიკა გვარამიასადმი, ვისი პატიმრობაც სამართლიანობის დაცინვა იყო”, — დაწერა ლექსმანმა.

გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა დღეს, 22 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდადებულის შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ამასთან დაკავშირებით დამატებით ახსნა-განმარტებას არ გააკეთებს.მანამდე, 19 ივნისს ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.


ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი