ახალი ამბები

ყირგიზეთი 9 მაისის აღლუმზე „Z“ სიმბოლოს გამოყენებას კრძალავს

4 მაისი, 2022 • 875
ყირგიზეთი 9 მაისის აღლუმზე „Z“ სიმბოლოს გამოყენებას კრძალავს

ყირგიზეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, 9 მაისს, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს, არ გამოიყენონ ატრიბუტიკა ან უნიფორმა, რომელზეც დატანილი იქნება ლათინური სიმბოლო „Z“.

ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო საბჭოს თანახმად, სიმბოლო „Z“ კავშირშია ეთნიკურ სიძულვილთან. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ისჯება ყირგიზული კანონმდებლობით.

ამ და სხვა ნიშნებს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ომის დროს იყენებენ. სიმბოლოების თავდაპირველი პრაქტიკული დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ რუსულმა დანაყოფებმა ერთმანეთის გარჩევა შეძლონ, რათა თავიდან აირიდონ ე.წ. „მეგობრული ცეცხლი“.

ომის დაწყების შემდეგ ნიშნებმა, რომელთაც რუსეთი იყენებს, სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის გამოხატულებად იქცა, რის გამოც მათი გამოყენება ბევრ ქვეყანაშია აკრძალული.

მასალების გადაბეჭდვის წესი