ახალი ამბები

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სროლები განახლდა

14 სექტემბერი, 2022 • 907
ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სროლები განახლდა

გარდა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებისა, სასაზღვრო სროლებია ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორისაც.

მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ყირგიზული მხარის თანახმად, სოფელ ბულაკ-ბაშში ყირგიზმა მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს ტაჯიკი მესაზღვრეები, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვრის შეუთანხმებელ ადგილას, რაც არღვევს მხარეებს შორის მანამდე დადებულ შეთანხმებას.

„მიუხედავად ყირგიზული მხარის სამართლიანი მოთხოვნისა, რომ ტაჯიკებს დაეტოვებინათ პერიმეტრი, სანაცვლოდ გახსნეს ცეცხლი, რასაც ცეცხლითვე უპასუხა ყირგიზულმა მხარემაც“, – აცხადებენ ბიშკეკში.

თავის მხრივ დუშანბე მიიჩნევს, რომ ცეცხლი უმიზეზოდ ყირგიზულმა მხარემ გახსნა.

ტაჯიკური მხარის განცხადებით, ყირგიზებმა ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან გახსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ჯარისკაცი და დაიჭრა ორი.

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ორი მოსაზღვრე, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა, რომელთა შორის საზღვრის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია.

საზღვრისპირა ტერიტორიები ხშირად შერეული მოსახლეობითაა დასახლებული, რაც დროდადრო კონფლიქტების მიზეზი ხდება.

მხარეებს შორის დაპირისპირება ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა.

2021 წლის აპრილში მხარეებს შორის დაპირისპირებას დაახლოებით 55 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 42 მშვიდობიანი მოსახლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.