ახალი ამბები

ოკეანეში დაკარგული მილიარდერის ცოლი „ტიტანიკის“ მგზავრების შთამომავალია

22 ივნისი, 2023 •
ოკეანეში დაკარგული მილიარდერის ცოლი „ტიტანიკის“ მგზავრების შთამომავალია

კომპანია „ოუშენ გეითის“ [Ocean Gate] დამფუძნებელი, რომელიც ამჟამად ატლანტის ოკეანეში, დაკარგულ ტურისტულ წყალქვეშა ნავში იმყოფება, „ტიტანიკის“ მგზავრების შთამომავლის ოჯახის წევრია. ამის შესახებ საკუთარ არქივებზე დაყრდნობით The New York Times წერს.

საუბარია სტოქტონ რაშზე, რომელიც ამჟამად წყალქვეშა ტურისტულ ნავზე იმყოფება 4 სხვა მგზავრთან ერთად. კომპანია „ოუშენ გეითი“ სამგზავრო ტურებს აწყობს 1912 წელს ჩაძირული „ტიტანიკის“ ნარჩენებთან. ვრცელდება ცნობა, რომ ერთი ადამიანის ბილეთი 250 ათას აშშ დოლარს აღწევს. „ტიტანიკის“ ჩაძირვას 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გადარჩა მხოლოდ 700-მდე.

სტოქტონ რაშის მეუღლე ვენდი რაშია, რომელთა შთამომავლები „ტიტანიკის“ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მგზავრები იყვნენ. მისი დიდი ბაბუა უძრავი ქონების მაგნატი ისიდორ შტრაუსი იქნება, მისი ცოლი კი იდა შტრაუსი იყო. ისიდორე შტრაუსი „მეისის“ საყოფაცხოვრებო მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. „მეისი“, რომელიც 1800-იან წლებში შეიქმნა, დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქსელურ მაღაზიად აშშ-ში.

ვენდი და სტოქტონი 1986 წელს დაქორწინდნენ – ორივე მდიდარი შთამომავლობის პატრონი იყო. მათი ქორწინების შესახებ ცნობა ასევე ინახება The New York Time-ის არქივში. მედიის ცნობით, ვენდი რაში თავადაა რამდენჯერმე ნამყოფი „ტიტანიკთან“ და ამჟამად იმავე კომპანიაში მუშაობს.

ვენდი რაშის წინაპრების — ისიდორესა და იდას — ტრაგიკული სიყვარულის ისტორია გადმოცემულია ფილმ „ტიტანიკშიც“.  მათი პროტოტიპია მოხუცი წყვილი, რომელიც თავის საწოლზე, ჩახუტებული იძირება გემთან ერთად.

კადრი ფილმიდან „ტიტანიკი“

საქმე ის არის, რომ გემის ჩაძირვისას ევაკუაციისთვის მგზავრთა ნაწილი – ქალები და ბავშვები აირჩიეს. თვითმხილველებისა და საარქივო დოკუმენტაციის თანახმად, იდა სტრაუსმა უარი თქვა ქმრის დატოვებაზე. ორივე მათგანი გემზე დაიღუპა.

გარეკანი ფოტომონტაჟი: Fox News / New York Times


ატლანტის ოკეანეში უკვე მესამე დღეა, რაც ეძებენ მცირე ზომის წყალქვეშა ნავს, რომელიც ტურისტულ ვიზიტებს აწყობდა „ტიტანიკის“ ნარჩენებთან. გემზე სულ რამდენიმე საათის სამყოფი ჟანგბადი დარჩა. ცნობილია, რომ ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი