ახალი ამბები

ვილნიუსის სამიტამდე ოპოზიცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

19 ივნისი, 2023 • 1110
ვილნიუსის სამიტამდე ოპოზიცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე საპარლამენტო ოპოზიციის წარმოდგენლები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი.

როგორც საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში.

„ვეყრდნობით რა ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი; აღვნიშნავთ რა, რომ ნატო-ს უელსის და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებით საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი; ვითვალისწინებთ რა, რომ ნატო-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მრავალრიცხოვანი და მრავალწლიანი მონაწილეობით, კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი; ერთიანი ვართ საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს:

1.ვადასტურებთ, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას;

2.სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ; მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი არის საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ტერორისტული და ღია სამხედრო აგრესიის გაგრძელება; და სამომავლოდ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში;

3.მივესალმებით ნატო-ს განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას, რითაც დადასტურდა ორგანიზაციის “ღია კარის” პოლიტიკისადმი ერთგულება; გამეორებულ იქნა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება; და რუსეთს უარი ეთქვა შექმნას საკუთარი გავლენის სფეროები და დაამყაროს პირდაპირი კონტროლი მეზობლებზე „ძალადობის, სუბვერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით“;

4.გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, გადაეცეს საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მუშაობა „მთლიანობის და მედეგობის შესაქმნელად, განავითაროს შესაძლებლობები და განამტკიცოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა“;

5.მივესალმებით ნატო-ს გადაწყვეტილებას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ფინეთის და უახლოეს მომავალში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და მიგვაჩნია, რომ ეს ისტორიული პრეცედენტი გახდება მომავალი წევრების ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული განზომილება, მათ შორის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ;

6.ხაზგასმით აღვნიშნავთ ვილნიუსის სამიტზე და შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კონკრეტულ, პროცედურულ ნაბიჯებზე შეთანხმების აუცილებლობას;

7.გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინსვლას საბოლოო წევრობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

ნატო-ს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი