ახალი ამბები

საბერძნეთთან მიგრანტთა გემის ჩაძირვას, სულ მცირე, 79 ადამიანი ემსხვერპლა

15 ივნისი, 2023 •
საბერძნეთთან მიგრანტთა გემის ჩაძირვას, სულ მცირე, 79 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 79 ადამიანი ემსხვერპლა და ასეულობით დაკარგულად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, გამთენიისას, საბერძნეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში მიგრანტთა გემი ჩაიძირა.

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლო, ნაპოვნია 79 ცხედარი, თუმცა გადარჩენილების ცნობით, მცირე ზომის გემზე 500-დან 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც BBC იტყობინება, გემი, სავარაუდოდ, ლიბიიდან იტალიის მიმართულებით გადაადგილდებოდა. თავდაპირველად გემი ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსის“ ვერტმფრენიდან შენიშნეს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის თავზე პატრულირებდა.

ბრიტანული ტელეარხის ცნობით, გემი გადატვირთული ჩანდა და ვიზუალური დათვალიერებით აშკარა იყო, რომ სამაშველო ჟილეტები არავის ეკეთა. საბერძნეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა გემის ეკიპაჟს დახმარებაც შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. რამდენიმე საათის მოგვიანებით საბერძნეთის საზღვრის დაცვამ გემიდან დახმარების მოთხოვნის შეტყობინება მიიღო, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხომალდი მალევე ჩაიძირა.

BBC-ის ცნობით, როგორც წესი, მიგრანტთა გემები თავს არიდებენ საბერძნეთში ჩასვლას მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, რადგან დაკავების შემთხვევაში, მიგრანტებს დაუყოვნებლივ უკან, თავის ქვეყანაში აბრუნებენ. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც გემის ეკიპაჟმა თავდაპირველად უარი განაცხადა დახმარებაზე, რადგან იტალიამდე მიღწევის იმედი ჰქონდათ.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ხმელთაშუა ზღვაში, რომელსაც, სულ მცირე, ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მოსალოდნელია ამ რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა.

მთავარ ფოტოზე: მიგრანტთა გემი, რომელიც ჩაძირვამდე რამდენიმე საათით ადრე საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა გადაიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი